26 ნოემბერი 2024,   08:48
ვრცლად
მახათას აღმართი და ვაზისუბნის დასახლებაში მდებარე ეშბას ქუჩა ერთმანეთს ახალი გზით დაუკავშირდება

თბილისის მერიამ დედაქალაქში კიდევ ერთი საავტომობილო გზის მშენებლობა დაასრულა - ისნის რაიონში, მახათას აღმართსა და ვაზისუბნის დასახლებაში მდებარე ეშბას ქუჩას ერთმანეთთან ახალი გზა დააკავშირებს.
 
დასრულებულ სამუშაოებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო.  
 
"კიდევ ერთი ინფრასტრუქტურული პროექტი დავასრულეთ, რომელიც მახათას მთასა და "ჰუალინგის" დასახლებას ერთმანეთთან დააკავშირებს. აღნიშნულ ტერიტორიაზე, წლების განმავლობაში, გრუნტის გზა არსებობდა და მხოლოდ სატვირთო ავტომობილები გადაადგილდებოდნენ. დღეს კი ახალი საგზაო მონაკვეთით, რომელმაც გადაადგილების დრო შეამცირა, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ისარგებლოს. პროექტის ფარგლებში, მოეწყო გარე განათების ქსელი LED სანათებით და ჩატარდა გამწვანების სამუშაოები," - განაცხადა კახა კალაძემ.
 
აღნიშნულ ტერიტორიაზე, 1 500 მეტრი სიგრძის საავტომობილო გზა მოეწყო, გამწვანების სამუშაოების ფარგლებში კი დაირგო 869 ძირი სხვადასხვა სახეობის მწვანე ნარგავი. სამუშაოები თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა განახორციელა, რაც დედაქალაქის ბიუჯეტიდან ორი მილიონი ლარით დაფინანსდა.
 
ვაზისუბანში მდებარე ახალი საავტომობილო გზა "ჰუალინგის" დასახლებიდან მახათას აღმართს უკავშირდება, რაც ერთი უბნიდან მეორეში გადაადგილების დროს შეამცირებს და ვაზისუბნის ქუჩებს განტვირთავს.
 
კახა კალაძესთან ერთად, ადგილზე ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გიორგი აბუთიძე, ისნის გამგებელი ნიკა ელისაშვილი და რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი კახა ლაბუჩიძე იმყოფებოდნენ.

დღის ამბები