26 ნოემბერი 2024,   08:48
ვრცლად
ბათუმში ორი ნახევარკუნძული და ერთი კუნძული მოეწყობა - ულტრათანამედროვე, ჭკვიანი ქალაქის მიწის მოწყობას 2-3 წელი დასჭირდება

სინგაპური, ჩინეთი, ჰონგ კონგი, დანია, კატარი, მალდივები და ახლა უკვე ბათუმი. მსოფლიოში ხელოვნური კუნძულებისთვის მიწის მოწყობის სია ვრცელია. რეზორტი, რომლის ანალოგი ქვეყანაში არ არსებობს "ამბასადორი ჯგუფის" პროექტია. წყალში გაშენებული მომავლის ქალაქი სასტუმროებს, საგანმანათლებლო დაწესებულებებს, სავაჭრო ცენტრებს, აკვაპარკს, ზღვისპირა ბულვარს, სასტუმროებს, დასასვენებელ სივრცეებს, ჭკვიან ქალაქს მოიცავს, კონცეფცია ასეთია- მსხვილმასშტაბიანი ინვესტიციების მოზიდვა და ბათუმის საზღვრების გაფართოება.

პირველი შთაბეჭდილება ქალაქზე სტუმარს შესვლისთანავე უნდა შეექმნას. ბარცხანასა და თამარის დასახლების სანაპირო აკვატორიის ათვისება კი ამ შესაძლებლობას იძლევა.

აჭარის მიზიდულობის ახალმა ცენტრმა მთავარი წვლილი ტურიზმისა და საბინაო სექტორის განვითარებაში უნდა შეიტანოს. მსოფლიოს წამყვან, გამოცდილ სპეციალისტებთან ერთად ყველაფერი ისე დაიგეგმა, რომ გარემოს ზიანი არ მიადგეს.

კაფსული ჩაგდებულია, ორწლიანი რთული კვლევითი სამუშაოების შემდეგ ბათუმს დაემატება პატარა ქალაქი, რომელიც მეტ სამუშაო ადგილს შექმნის.

განაშენიანების გენერალური გეგმა საერთაშორისო კომპანია "არუპმა" შეიმუშავა. მათი პროექტები 160-ზე მეტ ქვეყანაში დიზაინის, ინჟინერიის, არქიტექტურის, დაგეგმვისა და კონსულტაციის მიმართულებებით არაერთი ჯილდოს მფლობელია.

ზღვის სიღრმეები დეტალურად თურქულმა კომპანიამ "ზემინ ტექნიკმა" შეისწავლა, რომელიც ბევრი წარმატებული, მათ შორის სტამბოლის არხის პროექტზე მუშაობდა. კუნძული "იუქსელ პროჯეს" ინჟინრებმა დააპროექტეს. შემაჯამებელი ანგარიში საჯაროდ უკვე წარადგინეს და მოსახლეობის ყველა კითხვას პასუხი გასცეს.

"იუქსელ პროჯეს" უზარმაზარი გამოცდილება აქვს მსგავსი ტიპის პროექტებში. ორდუ გირესუნის და ართვინ-რიზე აეროპორტები ანალოგიურად შეიქმნა წყალში მიწის მოწყობის გზით და ამ მიწის საფარის დაცვით.მდგრადობის მტკიცებულებაა ორივე აეროპორტის ტერიტორიაზე აშენებული საფრენი ბილიკები, გზები, ტერმინალის შენობები.

ჩრდილოეთ და სამხრეთ მონაკვეთებზე სანაპირო ტალღების მიახლოების მიმართულება განსხვავებულია, ამიტომ კვლევა დროში დაზუსტებას საჭიროებდა.

ვიდრე ორი ჰექტარი მოეწყობოდა, შავი ზღვის აკვატორიის სამშენებლო არეალში ზღვის დინებები და ტალღების ურთიერთქმედება შეისწავლეს, აღმოჩნდა, რომ ეკოლოგიური სტანდარტები დამაკმაყოფილებელი, ნაპირსამაგრი სამუშაოები კი უსაფრთხოა.

ბათუმის კუნძულის პირველ ლენდმარკულ შენობაზე Shop architechti მუშაობს. ქალაქს, რომ არქიტექტორის ხელი უნდა ეტყობოდეს და არა ქაოსის, ეს ნიუ-იორკში ყველაზე კარგად ესმით, დროთა განმავლობაში სტილი ინდივიდებმა ჩაანაცვლეს, ამიტომ ცოტა ხნის წინ ახალი თანამშრომლობა დაიწყო. ცნობილ ამერიკულ არქიტექტურულ კომპანიასა და "ბათუმი აილენდს" შორის ხელშეკრულება გაფორმდა. ამერიკულ მხარეს 2022 წლის საუკეთესოდ აღიარებული "შოფ არქიტექტი" წარმოადგენს, რომელმაც ცენტრალ პარკში მსოფლიოში ყველაზე წვრილი ცათამბჯენი სტაინვეი ტაუერი" უბერის, გუგლის, იუთუბის სათავო ოფისები დააპროექტა. ამ შთამბეჭდავ ჩამონათვალს ბათუმის ხელოვნური კუნძულიც დაემატა.

წინ დიდი გეგმები და სამუშაოებია, ქართველი სპეციალისტები საფრანგეთის, თურქეთის, დიდი ბრიტანეთის, ამერიკის სხვადასხვა დარგის უმსხვილეს კორპორაციებთან ითანამშრომლებენ. ორ ხელოვნურად მოწყობილ ნახევარკუნძულსა და ერთ კუნძულზე ულტრათანამედროვე ჭკვიანი ქალაქის მიწის მოწყობას 2-3 წელი დასჭირდება, ხოლო მისი განვითარება ათწლეულების განმავლობაში შექმნის არა მხოლოდ აჭარის ინფრასტრუქტურის და ეკონომიკის განვითარების დინამიკას, არამედ პირდაპირი მნიშვნელობით შეცვლის საქართველოს თანამედროვე რუკას.

ავტორი: ანი გენებაშვილი

დღის ამბები