26 ნოემბერი 2024,   08:37
ვრცლად
ტურისტულმა კომპანიამ 50-მდე ადამიანს 1 კვირის ნაცვლად სასტუმრო 2 დღით დაუქირავა, უკანა გზის ბილეთი კი არ შეიძინა - მითვისებული თანხა ათიათასობით ლარია

ქართულმა ტურისტულმა კომპანიამ "ფოლოუ თრეველმა" 50-მდე ადამიანი საზაფხულო არდადეგების და საქორწინო მოგზაურობების გარეშე დატოვა. თაღლითური სქემის მიხედვით, ტურ-ოპერატორმა მსურველებს, საქართველოს საზღვრებს გარეთ, სასურველი სასტუმრო, ერთი კვირის ნაცვლად, მხოლოდ 2 დღით დაუქირავა. თანაც ისე, რომ უკან დასაბრუნებელი ბილეთებიც არ უყიდია, თუმცა მათგან სოლიდური თანხა აიღო.

ტურისტული კომპანიის წარმომადგენლებთან მიმოწერა ახლა თაღლითობის საქმეში მთავარი მტკიცებულებაა. ამით უნდა დადასტურდეს თანხების უკანონო მითვისება, რომელმაც 50-მდე ადამიანის საზაფხულო დასვენება, საქორწინო მოგზაურობა თუ საქმიანი ვიზიტი ჩაშალა. მითვისებული თანხა ათიათასობით ლარია.

ყველა დაზარალებულის შემთხვევაში სქემა იდენტური არ არის - ზოგს მხოლოდ ერთი გზის ბილეთი უყიდეს და უკან დასაბრუნებელი არა, ზოგს არცერთი.  

მასწავლებელი 15 მოსწავლესთან ერთად 5 დღე-ღამის გასათევის გარეშე დატოვეს, რადგან 1 კვირიანი ტურის განმავლობაში სასტუმრო მხოლოდ 2 დღით იყო დაჯავშნილი. დაზარალებულებს შორის არიან ისეთებიც, რომლებსაც აზიის ქვეყნებში მოგზაურობისთვის სრული თანხა გადაახდევინეს, აუცილებელი ვაქცინაციაც ჩაუტარდათ და საბოლოოდ ტურის გარეშე, თბილისში დატოვეს. გადაუდებელ ოფიციალურ ვიზიტზე მიმავალ ადამიანებს კი მგზავრობის ფასის გადახდა ორჯერ მოუწიათ.

ტურისტულმა კომპანიამ იცრუა არა მხოლოდ კერძო პირებთან, მოატყუა ეროვნული მუზეუმიც. მოტყუებული ტურისტები საგამოძიებო უწყებამ დაზარალებულად უკვე ცნო.

ახალგაზრდა ქალი, რომელსაც მომხმარებლები თაღლითობისთვის უჩივიან, სალომე ბლიაძეა, "ფოლოუ თრეველის" დამფუძნებელი. მას კომპანია რეგისტრაციაში გატარებული აქვს სახელით - "ფოლოუ თრეველ 2018", რაც ამაღლებდა სანდოობას, რომ ის თითქოს ბაზარზე ოპერირებდა 2018 წლიდან, თუმცა რეალურად ის მიმდინარე წლის გაზაფხულზეა რეგისტრირებული.

ოფისის დახურვის პარალელურად, ბრალდებების ადრესატმა სოციალურ ქსელში დაბლოკა დაზარალებულთა უმრავლესობა. გათიშა მობილური ტელეფონი და მასთან კომუნიკაცია შეუძლებელი გახდა. სალომე ბლიაძეს რეპორტაჟის მომზადების შესახებ შეტყობინება გავუგზავნეთ და მოგვიანებით რედაქციაში თავად დარეკა. 

სალომე ბლიაძემ კომპანიის მხრიდან თაღლითობა უარყო. მისი თქმით, სისტემიდან გამომდინარე, კომპანიას პრობლემები შეექმნა, გაუქმდა ჯავშნები და ის თანხები პირადი მიზნებისთვის არ გამოუყენებია.

ბრალდებების ადრესატი დააკავეს. მას საგამოძიებო უწყება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით გათვალისწინებულ თაღლითობას ედავება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ახალგაზრდა ქალს 7-დან 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

დღის ამბები