26 ნოემბერი 2024,   08:36
ვრცლად
როინ შავაძე რომ მოღალატე იყოს, არ დასტურდება, პირიქით, მას ორდენები ჰქონდა მიღებული სამშობლოს წინაშე დამსახურებისთვის - სუბარი

როინ შავაძესთან დაკავშირებით დავით დარჩიაშვილის განცხადებას, მმართველი გუნდი ეხმაურება. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ დარჩიაშვილის განცხადება კიდევ ერთხელ ადასტურებს, "ნაციონალური მოძრაობის" არაჰუმანურ და არაევროპულ პოლიტიკას.

”ხალხის ძალის” თავმჯდომარის, სოზარ სუბარის განცხადებით კი, საქმესთან დაკავშირებით განაჩენი ნაწილობრივ დადგა, რადგან სერჟანტის მკვლელობის დამკვეთები პასუხისმგებლობაში არ არიან მიცემულნი.

"როინ შავაძე რომ მოღალატე იყოს, არ დასტურდება, პირიქით, მას ორდენები ჰქონდა მიღებული სამშობლოს წინაშე დამსახურებისთვის. არსებობს ცნობები, რომ მან ძალიან ბევრი გააკეთა იმისთვის, რომ დაჭრილი ჯარისკაცები გამოეყვანა ბრძოლის ველიდან. სწორედ ამ განცხადებებიდან ჩანს "ნაციონალურ მოძრაობის" სახე, რომ მათთვის ადამიანის უფლებები, სიცოცხლის უფლება, სამართლიანი სასამართლოს უფლება არაფერს არ ნიშნავს. ისინი რჩებიან იქ, სადაც იყვნენ. როინ შავაძესთან დაკავშირებით მართლმსაჯულება აღსრულდა, თუმცა ბოლომდე ვერა, რადგან დამკვეთები არ არიან დასჯილები. ვინ არიან დამკვეთები?! ბუნებრივია, მსგავსი საქმეები მთელი ვერტიკალის გარეშე ვერ ხდებოდა - მიხეილ სააკაშვილი, ვანო მერაბიშვილი, ახალაია, გენერალური პროკურორი. ადრე თუ გვიან, საქმე დამკვეთებამდეც მივა", - განაცხადა სოზარ სუბარმა.

ცნობისთვის, სერჟანტ როინ შავაძის უკანონო დაკავებასა და განზრახ მკვლელობის საქმეზე დაკავებულ 10 პირს თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა. 15 წლის შემდეგ გახმაურებულ საქმეზე რვა პირი დააკავეს, ორზე კი ძებნა გამოცხადდა. 2008 წელს ჩადენილ დანაშაულის ხელახალი ძიების საფუძველი სტრასბურგის ვერდიქტი გახდა.

დღის ამბები