26 ნოემბერი 2024,   08:41
ვრცლად
გზავნილები ჩინეთიდან პოლიტიკური დღის წესრიგის მთავარი თემაა - მმართველი გუნდი პეკინთან სტრატეგიული პარტნიორობის დაწყებით ორი ქვეყნის ურთიერთობაში მნიშვნელოვან ძვრებს ელის

გზავნილები ჩინეთიდან პოლიტიკური დღის წესრიგის მთავარი თემაა საქართველოში. მმართველი გუნდი ოფიციალურ პეკინთან სტრატეგიული პარტნიორობის დაწყებით ორი ქვეყნის ურთიერთობაში მნიშვნელოვან ძვრებს ელის. აქცენტი კეთდება ისტორიული აბრეშუმის გზის პროექტში ჩვენი ქვეყნის გეოპოლიტიკურ მნიშვნელობაზეც.

"ჩინეთი ძალიან კარგად ხედავს საქართველოს როლს დღევანდელობაში და, ზოგადად, მსოფლიოში, მაგრამ დღევანდელობაში განსაკუთრებით, როდესაც საქართველო ასრულებს ხიდის როლს ევროპასა და აზიას შორის, როდესაც იმ გლობალური უსაფრთხოების გამოწვევების პროცესში საქართველომ დაადასტურა, რომ არის ღირებული პარტნიორი ტვირთების გამტარობის, ენერგორესურსების გამტარობის თვალსაზრისით. საქართველოსთან სტრატეგიული თანამშრომლობა უნდა დაიწყოს და ეს უნდა იყოს ახალი ბიძგი ამ ურთიერთობების განვითარებისთვის, ეს არის არამხოლოდ ჩინეთის გამოხმაურება, არამედ ამით დაინტერესებულია მსოფლიოს ძალიან ბევრი ქვეყანა, რომელიც ისარგებლებს იმ ეკონომიკური შესაძლებლობებით და კორიდორით, რომელიც მათ დააკავშირებს ევროკავშირთან, დასავლეთთან და ეს იქნება ის შესაძლებლობა, რომელსაც საქართველო აუცილებლად გამოიყენებს. ამიტომ, პრემიერის ვიზიტი, ეს არის პოლიტიკურად, ისტორიულად, ეკონომიკურად ძალიან მნიშვნელოვანი ხასიათის,"- აცხადებს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, მაშინ, როცა მსოფლიოს უსაფრთხოებისა და ეკონომიკური არქიტექტურა ახალ კონტურებს იძენს, ჩინეთთან სტრატეგიულ პარტნიორობას განსაკუთრებული დატვირთვა აქვს.

"ამ ახალი არქიტექტურის გათვალისწინებით, საქართველოს აქვს უზარმაზარი პოტენციალი, რომელიც გამომდინარეობს, მათ შორის, მისი მდებარეობიდან. ასეთ ფონზე, მთავარი აქტორის, ამ ეკონომიკურ ურთიერთობებში, ამ შემთხვევაში ვგულისხმობ ჩინეთის სახელმწიფოს, მისი ჩართულობა, მონაწილეობა, მათთან ასეთი ტიპის, უმაღლეს რეგისტრში თანამშრომლობა არის უაღრესად დიდი მნიშვნელობის ამბავი, რომელიც, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ალბათ საქართველოსთვის სრულიად ახალ ჰორიზონტებს აჩენს და გაცილებით უფრო ახალი შესაძლებლობები ჩნდება ჩვენი ქვეყნის წინაშე, ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყანას შეიძლება ჰქონდეს გაცილებით მეტი ეკონომიკური შესაძლებლობა,"- აცხადებს მიხეილ სარჯველაძე.

დღის ამბები