26 ნოემბერი 2024,   08:44
ვრცლად
სოზარ სუბარი: გაუგებარია, თუ უკრაინისთვის, რომელსაც მინიჭებული აქვს კანდიდატის სტატუსი, დასაშვებია ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა, მაშინ რატომ ეკრძალება იგივე საქართველოს და ჩვენ შემთხვევაში, ოპოზიცია რატომ გვიკიჟინებს, რომ თითქოს ამით დასავლურ კურსს გა

სოზარ სუბარი: გაუგებარია, თუკი უკრაინისთვის, რომელსაც მინიჭებული აქვს კანდიდატის სტატუსი, დასაშვებია ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა, მაშინ რატომ ეკრძალება იგივე საქართველოს და ჩვენ შემთხვევაში, ოპოზიცია რატომ გვიკიჟინებს, რომ თითქოს ამით დასავლურ კურსს გადავუხვიეთ
 
"საქართველოს გვერდის ავლით არის ძალიან ბევრი გზა და ახლა თუ გავუშვით შესაძლებლობის ფანჯარა, ეს ფანჯარა დაიხურება და ჩვენ აღმოვჩნდებით შავი ზღვის პირას მდებარე ერთი ჩიხი, სადაც არ გადის არანაირი გზა“, - ასე გამოეხმაურა მედიასთან საუბრისას „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი სოზარ სუბარი საქართველოსა და ჩინეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შემდგარ შეთანხმებას.

სუბარის თქმით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ჩინეთში ვიზიტი და მისი შედეგები საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესია და ასეთი შესაძლებლობის ხელიდან გაშვება არ შეიძლება.
 
"ჩინეთი საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ჰქონდათ უმნიშვნელოვანესი შეხვედრა ჩინეთში და ეს არის არა მხოლოდ ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური კავშირის განმტკიცებისთვის, არამედ ჩვენი ქვეყნისთვისაც იმიტომ, რომ დღეს ჩინეთი არის ერთ-ერთი უმსხვილესი მოთამაშე მსოფლიო პოლიტიკაში. ჩინეთის ეკონომიკა მსოფლიოს უდიდესი ეკონომიკაა, აშშ-ის შემდეგ მეორე და უსწრებს მთელი ევროპის ერთად აღებულ ეკონომიკას და ძალიან სწრაფი ტემპებით ვითარდება. ეს ერთი მხარეა, მაგრამ პოლიტიკაშიც მისი გავლენა ყოველდღიურად იზრდება.
კარგად გვახსოვს, როდესაც 2 წლის წინ ყაზახეთში იყო ამბოხება, ქართული ოპოზიცია როგორი სიხარულით შეხვდა ამ ამბავს. თუმცა ძალიან მალე გაირკვა, რომ ეს იყო ისლამური ძალების ამბოხება, რომელსაც, სავარაუდოდ, რუსეთთანაც კი ჰქონდა კავშირი. საბოლოოდ, როდესაც რუსეთმა ეს გამოიყენა ყაზახეთში საკუთარი ძალების შესაყვანად, სწორედ ჩინეთის ფაქტორმა იმოქმედა, რომ რუსეთს ძალიან მალე გაეყვანა როგორც საკუთარი, ასევე „დსთ-ს“ შეიარაღებული ძალებიც. ეს კარგად მეტყველებს იმაზე, თუ როგორ იზრდება ჩინეთის გავლენა მსოფლიო პოლიტიკაზე და ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ჩვენს რეგიონში ჩინეთის გავლენის ზრდა თუნდაც იმიტომ, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა მისი მხრიდან არის უმნიშვნელოვანესი და დარწმუნებული ვარ, ეს დღეც ძალიან მალე დადგება.
ისე გვაქვს წარმოდგენილი, თითქოს საქართველოს გარეშე სხვა ალტერნატივა არ არის, სინამდვილეში საქართველოს გვერდის ავლით არის ძალიან ბევრი გზა და ახლა თუ გავუშვით შესაძლებლობის ფანჯარა, ეს ფანჯარა დაიხურება და ჩვენ აღმოვჩნდებით შავი ზღვის პირას მდებარე ერთი ჩიხი, სადაც არ გადის არანაირი გზა. ამიტომ სწორედ ახლა უნდა გამოვიყენოთ ამ შესაძლებლობების ფანჯარა განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც რუსეთის გავლით ტვირთის გადაზიდვა უაღრესად არის შეზღუდული. თუ ამ შესაძლებლობას ახლა არ გამოვიყენებთ, ხვალ და ზეგ შეიძლება, იყოს ძალიან გვიანი და ამ მხრივაც ეს არის ძალიან სერიოზული ისტორიული მომენტი.

საოცარი არ არის ნამდვილად ქართული ოპოზიციის ვითომ აღშფოთება, რომ არ შეიძლება, ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის დამყარება იმიტომ, რომ ეს ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ აშშ-სთან და ევროკავშირთან გაფორმებულ სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულებებს. ამ დროს ჩინეთს თვითონ აქვს დადებული სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულება აშშ-სთან, გერმანიასთან, ბრიტანეთთან, საფრანგეთთან, პოლონეთთან და თვით უკრაინასთანაც კი. გაუგებარია, თუკი უკრაინისთვის, რომელსაც მინიჭებული აქვს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, დასაშვებია ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა, მაშინ რატომ ეკრძალება იგივე საქართველოს და ჩვენ შემთხვევაში, ოპოზიცია რატომ გვიკიჟინებს, რომ თითქოს ამით დასავლურ კურსს გადავუხვიეთ. ეს არის ქვეყნის მტრობა და ამ მტრობის უკან, დარწმუნებული ვარ, დგას ისევ და ისევ აშშ-ის საელჩო, რადგან ის ადამიანები, რომლებიც გამოხტნენ და პირველი განცხადებები გააკეთეს, სწორედ აშშ-ის საელჩოდან იმართებიან, ეს არაერთხელ დადასტურდა ფაქტებით და არც იმას გამოვრიცხავ, რომ რამდენიმე დღეში კელი დეგნანმა გააკეთოს განცხადება, რომ ჩინეთთან დაახლოება საქართველო-ამერიკის ურთიერთობის ინტერესებს არ შეესაბამება, რაც ბუნებრივია, სიმართლე არ არის. საქართველოსთვის ეს არის ისტორიული მომენტი და ჩვენ ჩვენი მდებარეობა უნდა გამოვიყენოთ, როგორც დამაკავშირებელი ხიდი აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის”, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

დღის ამბები