26 ნოემბერი 2024,   08:46
ვრცლად
ბრალდების მხარე უალტერნატივოდ განიხილავს პატიმრობას - როინ შავაძის მკვლელობის საქმეზე დაკავებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობენ

თბილისის საქალაქო სასამართლოში, როინ შავაძის მკვლელობის საქმეზე დაკავებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობენ.

15 წლის შემდეგ, გახმაურებულ საქმეზე 8 პირი დააკავეს, ორზე კი ძებნა გამოცხადდა. 2008 წელს მოკლული როინ შავაძის განზრახ მკვლელობაში კუდ-ის ყოფილ მაღალჩინოსნებსა და ყოფილ სპეცრაზმელებს ედებათ ბრალი.

დაცვის მხარის ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფებისთვის,  აღკვეთის შეფარდების არანაირი საფუძველი არ არის:

"რეალურად აღკვეთის შეფარდების არანაირი საფუძველი არ არის ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფი პირთა მიმართ. ამ საქმეზე გამოძიება ჯერ კიდევ 2008 წლიდან მიმდინარეობს, მას შემდეგ, რაც ხელისუფლება შეიცვალა, ამ საქმეზე თითოეული მათგანი არაერთხელ დაიკითხა და ყოველი გამოძახებისას, ისინი საგამოძიებო ორგანოში ცხადდებოდნენ. საქმის ფაქტობრივი გარემოებების ნაწილში, დღევანდელი სხდომა ძალიან მწირია," - აცხადებს ადვოკატი ბექა ბასილაია.

საქმის პროკურორი კი აცხადებს, რომ ბრალდების მხარე უალტერნატივოდ განიხილავს უმკაცრეს ღონისძიებას - პატიმრობას:

"ბრალდებულები 15 წლის მანძილზე ურთიერთშეთანხმებულად მოქმედებდნენ, რათა მოცემული დანაშაული არ გახსნილიყო. ასევე 15 წლის მანძილზე კოორდინირებულად გამოძიებას აწვდიდნენ ცრუ ინფორმაციას ყალბი შემუშავებული ვერსიის შესაბამისად, რათა მათი დანაშაულებრივი ქმედება არ დადგენილიყო. გარდა ამისა, არის ფაქტები მოწმეზე ზემოქმედების, არის რისკები ახალი დანაშაულის ჩადენისა და მათი მიმალვის, რის გამოც ბრალდების მხარე უალტერნატივოდ განიხილავს უმკაცრეს ღონისძიებას - პატიმრობას,"- აღნიშნავს პროკურორი გიორგი მუჯირი.

 

დღის ამბები