26 ნოემბერი 2024,   08:45
ვრცლად
ოქტომბერ-ნოემბერში ვაპირებთ შემომატების ერთ ფაზას, ყველაზე მთავარი საარჩევნო ფაზა იქნება მარტში - პაატა მანჯგალაძე

"ნაციონალურ მოძრაობაში" მიმდინარე შიდა პარტიული დაპირისპირება ისევ პოლიტიკური განხილვის თემაა. პარტიის ძველი და ახალი მენეჯმენტის აზრები ამჯერად ზურაბ ჭიაბერაშვილის გამო გაიყო, რომელსაც ლევან ხაბეიშვილმა "ნაციონალური მოძრაობის" საგარეო მიმართულება ჩააბარა. ყოფილი თავმჯდომარის გუნდი საკადრო ცვლილებების მიღმა პარტიის არაფორმალურ მმართველებს ხედავს, ხაბეიშვილის ფლანგი კი აცხადებს, რომ ვინც ნაცმოძრაობაში არაფორმალურ მმართველობაზე საუბრობს, მათ პარტიის დაზიანება აქვთ გადაწყვეტილი.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი ვასო ურუშაძე აცხადებს, რომ "გამარჯვების პლატფორმას" შემოუერთდებიან როგორც ახალგაზრდები, ისე გამოცდილი პოლიტიკოსები, რომლებიც წარსულში იკავებდნენ სხვადასხვა თანამდებობებს.

"კიდევ ძალიან ბევრი ახალგაზრდა შემოუერთდება "ნაციონალურ მოძრაობას", ის ადამიანები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ "ნაციონალური მოძრაობა" არის გამარჯვების პლატფორმა და, რა თქმა უნდა, იქნებიან ის ადამიანები, რომლებიც წარსულში იკავებდნენ სხვადასხვა თანამდებობებს, აქვთ ძალიან მნიშვნელოვანი გამოცდილება, რადგან აუცილებელია, ახალგაზრდა თაობასთან ერთად ჰიბრიდულად მუშაობდეს ის გუნდი, რომელსაც აქვს ძალიან დიდი გამოცდილება,"- აცხადებს ვასო ურუშაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" წევრის პაატა მანჯგალაძის თქმით, "გამარჯვების პლატფორმაში" ახალი წევრების შემოერთების პირველი ფაზა ოქტომბერ-ნოემბერშია დაგეგმილი.

"ოქტომბერ-ნოემბერში ვაპირებთ შემომატების ერთი ფაზის გაკეთებას, ყველაზე დიდი ფაზა და მთავარი საარჩევნო ფაზა იქნება მარტში. საფეხბურთო ნაკრებს კი არ ვაკეთებთ, რომ ვიყიდოთ, ვისაც ექნება სურვილი, პროდასავლური, პატიოსანი, პროფესიონალი, პატრიოტი ადამიანების საკრებულოს ვაკეთებთ, არავის ხვეწნას არ ვაპირებთ, არავის არ ვეძებთ ქუჩაში, მაგრამ ვინც მოვა, ჩვენი კარი და გული არის ღია. რაც შეეხება არაფორმალურ მმართველობას - ახლა, მგონი, დრო არ არის დონ კიხოტივით ქარის წისქვილებს ვებრძოლოთ, რეალური მტერი სახეზეა,"- განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

დღის ამბები