26 ნოემბერი 2024,   08:17
ვრცლად
აშშ-ის ადმინისტრაცია მალავს გრძელვადიანი პროგრამის არსებობას, რომელიც არაიდენტიფიცირებულ საჰაერო ფენომენს ეხება - ამის შესახებ კონგრესმენებს საჰაერო ძალების დაზვერვის ყოფილმა ოფიცერმა განუცხადა

შეერთებული შტატების ადმინისტრაცია მალავს გრძელვადიანი პროგრამის არსებობას, რომელიც არაიდენტიფიცირებულ საჰაერო ფენომენს ეხება. ამის შესახებ კონგრესმენებს საჰაერო ძალების დაზვერვის ყოფილმა ოფიცერმა განუცხადა, რომელიც საკანონმდებლო ორგანოს ქვედა პალატის ზედამხედველობის კომიტეტში საჯარო მოსმენაზე იყო მიწვეული. დევიდ გრაშს, როგორც თავად აღნიშნა, საიდუმლო პროგრამაზე წვდომის უფლება არ მისცეს და მან კონგრესს ჩვენება სხვა პირების მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე მისცა.

კონგრესის ქვედა პალატის ზედამხედველობის კომიტეტის ეროვნული უსაფრთხოების, საზღვრისა და საგარეო საქმეთა ქვეკომიტეტმა, მოსმენა იმის გამო მოიწვია, რომ ეჭვი შეაქვს მთავრობის საქმიანობის გამჭვირვალობაში, რომელიც პროგრამას, თუკი ის არსებობს, საიდუმლოდ აფინანსებს, მისი ბიუჯეტიც გასაიდუმლოებულია და არც კონგრესი და არც გადასახადის გადამხდელები საქმის კურსში არ არიან. სხდომის თავმჯდომარემ ბაიდენი ადმინისტრაცია გააკრიტიკა და თქვა, რომ გამჭვირვალობა სახელმწიფოს ქვაკუთხედია და კონგრესი და ადმინისტრაცია ვალდებულები არიან, ამერიკელ ხალხს მკაფიო პასუხი გასცენ.

სამხედრო მფრინავები ამბობენ, რომ საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რა ხდება ფრენების უსაფრთხოების თვალსაზრისით ამერიკის საჰაერო სივრცეში. საზოგადოების ინტერესი ამ საკითხის მიმართ მას შემდეგ არის გაზრდილი, რაც პენტაგონმა რამდენიმე ჩანაწერი გამოაქვეყნა და ასევე ჩინური ჯაშუში საჰაერო ბურთების ამერიკის საჰაერო სივრცეში შესვლის შემდეგ.

დევიდ გრაშს კონგრესში დეტალები საჯაროდ თითქმის არ გაუხმაურებია და ამბობდა, რომ ინფორმაცია საიდუმლოა. მისი თქმით, საქმე მთავრობის გამჭვირვალობას ეხება. თავდაცვის ხარჯების მეტ გამჭვირვალობას ითხოვს კონგრესიც. პენტაგონი გრაშის მტკიცებულებებს უარყოფს. თავდაცვის დეპარტამენტში ამბობენ, რომ არ აქვთ არანაირი დადასტურებული ინფორმაცია, არამიწიერი მასალების ფლობის ან საპირისპირო ინჟინერიის რამე პროგრამის არსებობის შესახებ.

დღის ამბები