26 ნოემბერი 2024,   08:49
ვრცლად
ყველა სუბიექტს, რომელიც დოკუმენტში არის მითითებული, აქვს იმის ვალდებულება, გააკეთონ განმარტება, რა ფორმით იყვნენ ამ ყველაფერში ჩართულები - ირაკლი ჩიქოვანი "ფარას" დოკუმენტზე

მმართველი გუნდის წევრები "ფარას" დოკუმენტში გამოქვეყნებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით იმ ადამიანებისგან ითხოვენ პასუხებს, ვისი სახელები და გვარებიც ამ დოკუმენტში ფიგურირებს.

"ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილის ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, აბსოლუტურად ყველა სუბიექტს, რომელიც დოკუმენტში არის მითითებული, აქვს იმის ვალდებულება, რომ გააკეთოს შესაბამისი განმარტება:

"უკვე წლებია ძალიან ბევრი მილიონი იხარჯება მიხეილ სააკაშვილის ოჯახისა და "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან იმისათვის, რომ საკუთარი სახელმწიფო დაზიანდეს და ამ სახელმწიფოს სანქციები დაუწესდეს. იმ ჩანაწერებთან მიმართებაში, აბსოლუტურად ყველა სუბიექტს, რომელიც იქ არის მითითებული, აქვთ იმის ვალდებულება, რომ გააკეთონ შესაბამისი განმარტება თუ რა ფორმით და რა დოზით იყვნენ ამ ყველაფერში ჩართულები. თუმცა, ჩვენ რეალურად ვხედავთ, რომ ამ კამპანიის უკან დგას ფული, რომელიც ეკუთვნის მიხეილ სააკაშვილსა და "ნაციონალურ მოძრაობას" - აცხადებს პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ჩიქოვანი.

იმავეს ამბობს პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე რატი იონათამიშვილი და ასევე აცხადებს, რომ "ნაციონალური მოძრაობა" "ჩვენი ქვეყნის საზიანო კამპანიაში მილიონობით დოლარს იხდიდა":

"ფაქტია, რომ ამერიკაში არსებული ე.წ. რუსული კანონის "ფარას" მიერ ილუსტრირებული "ნაციონალურ მოძრაობის" მასშტაბური მავნებლობა, საქართველოს წინააღმდეგ, ფარდაახდილია. ამან კი ძალიან მძიმე მდგომარეობაში ჩააყენა როგორც "ნაცმოძრაობა", ასევე მათი მფარველები. ცხადია, ჩვენი საზოგადოება მეტ პასუხს მოითხოვს სწორედ იმ ადამიანებისგან, რომლებიც სინამდვილეში ჩვენი ქვეყნის საზიანო კამპანიაში მილიონობით დოლარს იხდიდნენ," - აღნიშნავს პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილე რატი იონათამიშვილი.

 

ავტორი: ანუკა ბუავა. 

დღის ამბები