26 ნოემბერი 2024,   09:41
ვრცლად
"ნაციონალური მოძრაობის" საგარეო მიმართულების ხელმძღვანელად ზურაბ ჭიაბერაშვილი დაინიშნა

"ნაციონალური მოძრაობის" საგარეო მიმართულების ხელმძღვანელად ზურაბ ჭიაბერაშვილი დაინიშნა - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

"ვაგრძელებთ "ნაციონალური მოძრაობის" გაძლიერებას. "ნაციონალურ მოძრაობაში" იქნა გადაწყვეტილება მიღებული და მაქვს პატივი წარმოგიდგინოთ "ნაციონალური მოძრაობის" საგარეო მიმართულების ხელმძღვანელი, ბატონი ზურაბ ჭიაბერაშვილი. ამ პირობებში, როდესაც "ნაციონალურ მოძრაობას" ჰყავს პოლიტიკური დევნილი, პოლიტპატიმარი მისი ლიდერი პრეზიდენტ სააკაშვილი, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია საგარეო მიმართულებით ვიყოთ გაძლიერებულები," - აცხადებს ენმ-ს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი.

ზურაბ ჭიაბერაშვილის თქმით, იმ პირობებში, როდესაც "ნაციონალურ მოძრაობას" ჰყავს პატიმარი პარტიის ლიდერი მიხეილ სააკაშვილი, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია საგარეო მიმართულებით გაძლიერება.

"ჩვენი ძალისხმევა მიმართული იქნება იქითკენ, რომ ჩვენმა ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი და ამავდროულად, პრეზიდენტ სააკაშვილის პოლიტიკური პატიმრობის დასრულება არის გადაუდებელი ამოცანა," - აცხადებს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საგარეო მიმართულების ხელმძღვანელი ზურაბ ჭიაბერაშვილი.

გადაწყვეტილებას აკრიტიკებს ნიკა მელია, რომელიც სოციალურ ქსელში წერს: "სანამ არ გაიაზრებ, რატომ წააგე 2012 წელს და რა უნდა შეცვალო, ვერ მოიგებ - ზურაბ ჭიაბერაშვილიც ერთ წრეზე ტრიალია, სკამების გარშემო რომ დარბიან და სადაც მუსიკა გაითიშება, იქ სხდებიან, ეგ ხდება, ოღონდ - პოლიტიკაში," - წერს პარტიის ყოფილი თავმჯდომარე.

"ნაციონალური მოძრაობის" ე.წ. მელიას ფლანგში აცხადებენ, რომ ჭიაბერაშვილთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებით, დავით კეზერაშვილი პარტიაში დაწინაურდა.

"ზურას მეორე მცდელობაა პარტიაში დაბრუნების. პირველი იყო თავმჯდომარის არჩევნებისას, დააყენა კანდიდატურა საკუთარი. მაშინ მე ვთქვი, რომ ეს გახლავთ ისევ და ისევ ის საერთო თამაში, რასაც კეზერაშვილი გვთავაზობდა, რაზედაც ბევრი განაწყენდა მახსოვს, მაგრამ დღეს ვნახეთ მობრუნება. მინიმალურადაც არავინ დაიჯერებს მაგას, რომ ლევან ხაბეიშვილს მოუვიდოდა ეგ აზრი, რომ ზურაბ ჭიაბერაშვილთან კომუნიკაცია ყოფილიყო, მოეყვანა პარტიაში. ფაქტია, რომ დღევანდელი გადაწყვეტილებით კეზერაშვილი დაწინაურდა პარტიაში, ვნახოთ როგორი გაგრძელება ექნება ამ ყველაფერს, არ მგონია მერაბიშვილი ახლა მთლად ბედნიერი იყოს," - აცხადებს ბაჩო დოლიძე.

 

დღის ამბები