26 ნოემბერი 2024,   08:33
ვრცლად
ჩინეთი საქართველოსთვის არის მნიშვნელოვანი პარტნიორი, როგორც პოლიტიკურ, ასევე ეკონომიკურ ჭრილში - ნიკოლოზ სამხარაძემ

ჩინეთი საქართველოსთვის არის მნიშვნელოვანი პარტნიორი, როგორც პოლიტიკურ, ასევე ეკონომიკურ ჭრილში, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

სამხარაძემ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ჩინეთში ვიზიტი შეაფასა.

როგორც დეპუტატმა აღნიშნა, პრემიერის ჩინეთში ვიზიტით საქართველო მნიშვნელოვან ეკონომიკურ სარგებელს მიიღებს.

„ვიცით, რომ ჩინეთი ყოველთვის გამოდის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერით უშიშროების საბჭოში, გაერო-ში და ჩვენთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ჩინეთი გლობალურად მნიშვნელოვანი მოთამაშეა. რაც შეეხება ეკონომიკურ ნაწილს, ჩვენმა საზოგადოებამ იცის, რომ ჩინეთთან გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, შესაბამისად, საქართველოსა და ჩინეთს შორის ვაჭრობა, როგორც ექსპორტი, ასევე იმპორტი ყოველწლიურად იზრდება. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია ეს ვიზიტიც. დარწმუნებული ვარ, ამ ვიზიტის შედეგად სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება, ასევე შევძლებთ, შუა დერეფნის კიდევ უფრო მეტი დატვირთვა მოვახდინოთ. ჩინეთიდან წამოსული ტვირთებისთვის სწორედ საქართველოს გზა არის ყველაზე უფრო მოკლე გზა ევროპაში ტვირთების ჩასატანად, და მაშინ, როდესაც რუსეთის მარშრუტი დაბლოკილია და დაკეტილია, საქართველომ ეს პოტენციალი, რომელიც მას გააჩნია და ის მიზანი, რომელიც მას აქვს, რომ ჩამოყალიბდეს სატრანსპორტო ჰაბად, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია ჩინეთიდან ჩინური ტვირთების სწორედ საქართველოს გავლით მიწოდება ევროპისთვის.

გარდა ამისა, სხვადასხვა სექტორული თანამშრომლობაც არსებობს. ვფიქრობ, რომ ეს ვიზიტი არის ძალიან დროული და ძალიან კარგად, ლოგიკურად ებმება საქართველოში ცოტა ხნის წინ განხორციელებულ ვიზიტებს ყაზახეთიდან და უზბეკეთიდან. ამ ვიზიტის შედეგადაც ჩვენი ქვეყანა მნიშვნელოვან ეკონომიკურ სარგებელს მიიღებს”, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

დღის ამბები