საგარეჯოში სასტიკად მოკლული ყაზახი ქალის საქმეში ანგარების მოტივი იკვეთება. თავად ბრალდებული “კურიერის“ მიერ მოპოვებულ ჩვენებაში დანაშაულს აღიარებს, თუმცა ფულად დაინტერესებას უარყოფს. საქმის მასალებით ირკვევა, რომ გაბრიელ ხოხობაშვილმა მეგობარი ქალი საგარეჯოში სასტიკი მეთოდით მოკლა, მისგან მოპარული ფულით კი, მკვლელობიდან მესამე დღეს ავტომობილი შეიძინა. ბრალდებული ჩვენებაში ყვება, რომ ქალი საგარეჯოში, არარსებული ჩანჩქერის მოსანახულებლად გაიტყუა, თავში აგური ჩაარტყა და მდინარე იორის წყალსაცავში გადააგდო.
მკვლელმა მეგობარი ქალი, რომელთანაც მრავალ წლიანი სასიყვარულო ურთერთობა აკავშირებდა, მდინარე იორის წყალსაცავში ჩააგდო, იქვე გადაყარა ჟანბოტა ტოლებენის ჩანთა და მობილური ტელეფონი.
მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი არ უარყოფს, რომ გაბრიელ ხოხობაშვილმა დანაშაულის შემდეგ ავტომობილი მართლაც შეიძინა, თუმცა იურისტი ამ ფაქტს მისი დაცვის ქვეშ მყოფის არამდგრადი ფსიქიკური მდგომარეობით ხსნის. ადვოკატი ანგარების მოტივს გამორიცხავს.
გარდაცვლილი ქალის ოჯახის ინტერესებს ორგანიზიაცია “საფარი“ იცავს. დაზარალებულის წარმომადგენელი ამბობს, რომ საქართველოს პარალელურად საგამოძიებო მოქმედებები და მტკიცებულებების მოპოვება მიმდინარეობს ყაზახეთშიც.
საქართველოში ჩამოვიდა და გამოძიებას ჩვენება უკვე მისცა მოკლული ქალის დამ. მან საგამოძიებო ორგანოს მტკიცებულებების სახით წარუდგინა ჟანბოტა ტოლებენსა და ბრალდებულს შორის არსებული სატელეფონო მიმოწერაც. ყაზახურ გამოცემასთან ინტერვიუში მოკლულის ოჯახი საქართველოში მიმდინარე გამოძიებით კმაყოფილია.
სასტიკ მკვლელობაში ბრალდებული გრიგოლ ხოხობაშვილი ახლა წინასწარ პატიმრობაში იმყოფება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 15 წლამდე პატიმრობა ელის.