სოჭიდან წამოსულ საკრუიზო ლაინერ Astoria Grande-ს, ბათუმის პორტში საპროტესტო აქციით დახვდნენ. ხომალდზე მყოფი რუსი ტურისტების მისამართით ნავსადგურში შეკრებილი მოქალაქეები და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები სხვადასხვა ფრაზებს სკანდირებდნენ, მათ შორის იყო რუსეთი ოკუპანტია და აფხაზეთი საქართველოა.
საპროტესტო აქციაზე ხმაური მოჰყვა საკრუიზო გემიდან რუსი ტურისტების ჩამოსვლასაც. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით კი, საკრუიზო გემი ASTORIA GRANDE ბათუმის ნავსადგურში ტრაბზონიდან შემოვიდა და მისი მფლობელი კომპანია საერთაშორისო სანქციებში არ ფიქსირდება.
სააგენტო ასევე განმარტავს, რომ ხომალდი პალაუს დროშის ქვეშ ცურავს და მას თურქული კომპანია ემსახურება. რუსი ტურისტებით დატვირთულმა ხომალდმა ბათუმის ნავსადგური უკვე დატოვა.