26 ნოემბერი 2024,   08:26
ვრცლად
როგორ დაიწყო ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი ჩინეთში - საქართველოს პრემიერს არაერთი მაღალი რანგის, ოფიციალური შეხვედრა აქვს დაგეგმილი

საქართველოს დელეგაციის თვითმფრინავი, ჩინეთში, ჩენტგუს საერთაშორისო აეროპორტში გვიან ღამით დაეშვა. მზადება კი ირაკლი ღარიბაშვილის დასახვედრად ბევრად ადრე დაიწყო.

პრემიერ -მინისტრს თვითმფრინავის ტრაპთან, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის განათლების მინისტრი და სიჩუანის პროვინციის გუბერნატორი დახვდნენ. ჩინეთის ოფიციალურ პირებთან ერთად, პრემიერს თვითმფრინავთან 100-ზე მეტი სპორტსმენი სტუდენტი ჩინეთისა და საქართველოს დროშებით დახვდნენ.

დახვედრის ოფიციალური, მასშტაბური ცერემონია კი, ჩინეთის ტელევიზიის პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა.

ირაკლი ღარიბაშვილს ჩინეთში არაერთი ორმხრივი მაღალი რანგის, ოფიციალური შეხვედრა აქვს დაგეგმილი, რომელიც ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკურ და სავაჭრო ურთიერთობების გაძლიერებას. პრემიერ-მინისტრის ჩინეთში ვიზიტი 2 ნაწილისგან შედგება - ჩენტგუნის შემდეგ, საქართველოს მთავრობის მეთაური დელეგაციასთან ერთად, უკვე დედაქალაქში პეკინში გაემგზავრება, სადაც ასევე ჩანიშნულია არაერთი შეხვედრა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტს ჩინეთში აქტიურად აშუქებს ჩინური ბეჭდური მედიაც. "ნიუს ჩაინა", "ნიუს სიენი", "სისის ტივი" და სხვა სააგენტოები ირაკლი ღარიბაშვილის ჩენტგუში ჩასვლის ფოტო-მასალას ავრცელებენ და იმ მიზეზებზე საუბრობენ, რის გამოც საქართველოს დელეგაცია ჩინეთს უკვე მეორედ ეწვია.

ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრის რანგში ჩინეთში მეორედ იმყოფება. პირველი ვიზიტი 2015 წელს შედგა. მას შემდეგ 2017 წელს საქართველომ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა. ჩინეთი მსოფლიოს მეორე ეკონომიკაა. ასეთი ხელშეკრულება საქართველოს ევროკავშირთანაც გააჩნია, რაც მმართველი გუნდის თქმით, ქვეყანას ეკონომიკური განვითარების კუთხით, უნიკალურ შესაძლებლობებს ანიჭებს.

სავაჭრო ურთიერთობების გარდა, ჩინეთში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი მნიშვნელოვანი პოლიტიკური კუთხითაც არის, ამაზე საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები საუბრობენ, რომლებიც ასევე ამბობენ, რომ პარტნიორულ თანამშრომლობაში, ეს ვიზიტი უდიდეს როლს შეასრულებს.

პრემიერ-მინისტრი ხვალ ჩენტგუს ზაფხულის 31-ე საუნივერსიტეტო თამაშების გახსნას მსოფლიო ლიდერებთან ერთად დაესწრება. ზაფხულის თამაშებში, საქართველოდან წელს 50 ქართველი სტუდენტიც მიიღებს მონაწილეობა. ხვალვე გაიმართება მაღალი დონის პოლიტიკური შეხვედრები.

დღის ამბები