საქართველოს ეროვნული ბანკი და საქართველოს ფინანსური ინსტიტუტები მოქმედებენ აშშ-ის და სხვების მიერ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებთან სრულ შესაბამისობაში, – ამის შესახებ აღნიშნულია ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის 2023 წლის საინვესტიციო გარემოს შესახებ ანგარიშში.
როგორც ანგარიშშია ნათქვამი, საქართველო არ ზღუდავს უცხოელებს საბანკო ანგარიშების გახსნაში. ზოგიერთი ადგილობრივი ბანკი წარმოადგენს საერთაშორისო საბანკო ჯგუფების შვილობილს და ისინი ემორჩილებიან იმავე წესებს.
„საქართველოს ეროვნული ბანკი და საქართველოს ფინანსური ინსტიტუტები მოქმედებენ აშშ-ის და სხვების მიერ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებთან სრულ შესაბამისობაში. ფინანსური ინსტიტუტების სათანადო და ოპერატიული კონტროლისთვის საქართველოს ეროვნულმა ბანკმა შექმნა ახალი დანაყოფი, რომელიც პასუხისმგებელია საერთაშორისო სანქციების დასაცავად ფინანსური ინსტიტუტებისთვის სათანადო მეთოდოლოგიური გაიდლაინების შემუშავებაზე და ასევე ეხმარება ფინანსური სექტორს, გააცნობიეროს და შეასრულოს ყველა მოთხოვნა, რომელსაც ითვალისწინებს სასანქციო რეჟიმები.
საერთაშორისო ფინანსური სანქციების შესრულება სისტემატიურად მოწმდება ფინანსურ ინსტიტუტებში ადგილზე ვიზიტებით. საქართველოს ეროვნული ბანკი მჭიდროდ თანამშრომლობს აშშ-ში უცხოური აქტივების კონტროლის სამმართველოსთან, დიდი ბრიტანეთის ფინანსური სანქციების იმპლემენტაციაზე მომუშავე ოფისთან და ევროკავშირის შესაბამის უწყებებთან, რათა მიიღოს რეკომენდაციები კონკრეტული პრობლემების გადაჭრის გზების შესახებ და სპეციფიკური საკითხების გადასაჭრელად, რომლებიც დაკავშირებულია სანქციებთან. საქართველოს ეროვნული ბანკის დანაყოფები გადიან ტრენინგებს და იღებენ ტექნიკურ დახმარებას აშშ-ში უცხოური აქტივების კონტროლის სამმართველოსგან, დიდი ბრიტანეთის ფინანსური სანქციების იმპლემენტაციაზე მომუშავე ოფისისგან და ევროკავშირისგან“, – აღნიშნულია ანგარიშში.