26 ნოემბერი 2024,   09:26
ვრცლად
საქართველოს დელეგაციის ვიზიტი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას - საქართველოს ელჩი ჩინეთში

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ოფიციალურად უკვე დაწყებულია. საკმაოდ პომპეზური იყო დახვედრის ცერემონიალიც - ირაკლი ღარიბაშვილს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის განათლების მინისტრი და სიშუანის პროვინციის გუბერნატორი დახვდნენ. მაღალი რანგის პირველი შეხვედრები სიშუანის პროვინციის ქალაქ ჩენდუში გაიმართება, შემდგომ კი საქართველოს დელეგაცია პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით დედაქალაქ პეკინში გადაინაცვლებს, სადაც მაღალი რანგის შეხვედრებს განაგრძობს.

როგორც საქართველოს ელჩმა განმარტა, ამ ვიზიტს, შესაძლოა, ეწოდოს ისტორიული, რადგან ის ქვეყანას უფრო დააახლოებს ჩინეთთან ეკონომიკური თვალსაზრისით და გაზრდის იმ სავაჭრო და ეკონომიკურ პოტენციალს, რომელიც ორ ქვეყანას შორის არსებობს.

"უმნიშვნელოვანესია ეს ვიზიტი რაც, უპირველეს ყოვლისა, ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების ინტენსიფიკაციას. მოგეხსენებათ, რომ საქართველო არის სარტყლისა და გზის გლობალური ინიციატივის მონაწილე ქვეყანა, იზრდება ბიზნესკონტაქტები, ჰუმანიტარული ურთიერთობები, ასევე, კულტურისა და ტურიზმის მიმართულებით, ასე რომ, ეს ვიზიტი ახალ სტიმულს და დიდ ბიძგს მისცემს ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების გაღრმავებას," - განაცხადა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, არჩილ კალანდიამ.

ირაკლი ღარიბაშვილი ხვალ მსოფლიო ლიდერებთან ერთად, ქალაქ ჩენდუში ზაფხულის მსოფლიო საუნივერსიტეტო თამაშების გახსნის ცერემონიაში მიიღებს მონაწილეობას. წელს თამაშებში 50 ქართველი სტუდენტი მონაწილეობს. საერთო ჯამში, სპორტულ ღონისძიებაში 170-ზე მეტი ქვეყნიდან 10 ათასამდე სპორტსმენი და ოფიციალური პირი იქნება ჩართული. შეჯიბრი სპორტის 18 დისციპლინაში იმართება და 8 აგვისტოს დაიხურება.

 

დღის ამბები