26 ნოემბერი 2024,   08:23
ვრცლად
ენმ-ს ყოფილი და მოქმედი თავმჯდომარეები ერთმანეთს ახლა სატელევიზიო რეპლიკებით უპირისპირდებიან - ნიკა მელია კი მერაბიშვილ-კეზერაშვილის გარდა ამჯერად ბრალდებებს ზაზა გოროზიასაც უყენებს

"ამომრჩევლის შეურაცხყოფა" - "ნაციონალურ მოძრობაში" გიორგი ვაშაძის დაბრუნებამ ნიკა მელია გააღიზიანა.

ყველამ იცის რა აზრის არის ყოფილი თავმჯდომარე მოქმედ თავმჯდომარეზე, თუმცა ამჯერად მელიას სამიზნე პარტიის მომავალი ლიდერია.

სამეული ერთმანეთს სატელევიზო ეთერებით ელაპარაკება, მათ კულისებიდან აკვირდება მეორე სამეული: მერაბიშვილი, კეზერაშვილი და ადეიშვილი.

გუშინ "გირჩმა" ამ წიაღში აღმოცენებული პლატფორმის სუბიექტები მწვანილებს შეადარა. დღეს კი, ხაბეიშვილი ადარებს მელიას ავტომანქანის გამოსაცვლელ ზეთს.

ეპითეტებს არ იშურებს არც თავად მელია და ამჯერად კიდევ ერთ გვარს ასახელებს.
ყოფილი გუბერნატორი ზაზა გოროზია, რომელსაც ნიკა მელია პოლიტიკურ კორუფციაში და "ქართულ ოცნებასთან" გარიგებაში ადანაშაულებს.

"ერთობა, რომელშიც მსაგვსი ხალხია, ეროზირდება, ლპება და იხრწნება" - წერს "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრზე ყოფილი თავმჯდომარე. ლევან ხაბეიშვილი კი თვლის, რომ ნიკა მელიას დეპრესია აქვს.

ენმ-ს მოქმედი ხელმძღვანელი ფიქრობს, რომ მელიას დეპრესიული ფონი აქვს და ბრალდებებს, რომ "ნაციონალურ მოძრაობაში" ვაშაძე არა ხაბეიშვილმა, არამედ არაფორმალურმა მმართველებმა დააბრუნეს, არასერიოზულად მიიჩნევს.

ყოფილი თავმჯდომარის გუნდი კი ამტკიცებს, რომ ხაბეიშვილი არც გამარჯვების პლატფორმის შექმნის ინიციატორია და ვერც მომავალში იქნება პარტიის საპარლამენტო სიის შემდგენი.

ნიკა მელიას პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ვაშაძის განხილვა ამომრჩევლის შეურაცხყოფად მიაჩნია. "სტრატეგია აღმაშენებელში" კი ამბობენ, რომ ყოფილმა თავმჯდომარემ პირადი წყენები ვერ დაივიწყა.

კიდევ ერთი საკითხი, რომელიც მელიამ აქტუალური გახადა, ზაზა გოროზიას უკავშირდება - სატელევიზიო ინტერვიუს შემდეგ პარტიის ექსთავმჯდომარე უკვე სოციალურ ქსელში ამტკიცებს, რომ მოქმედი მენეჯმენტის წევრი პარტიას ფულის შოვნის ინსტრუმენტად იყენებს და პოლიტიკურ კორუფციაშია ჩართული, მტკიცებულებად კი, თვითმმართველობის არჩევნების შედეგები მოჰყავს. თავად გოროზია "კურიერის" სატელეფონო ზარებს არ პასუხობს. 

მელიას ბრალდებები, რასაც ვაშაძე და ხაბეიშვილი უარყოფენ, არც ახალია და არც დამატებით მტკიცებულებებს საჭიროებს უმრავლესობისთვის.

"ნაციონალურ მოძრაობაში" ლიდერების ჩანაცვლების მცდელობა "ქართულ ოცნებას" საარჩევნოდ ოპტიმისტურ განწყობას უქმნის. მმართველ გუნდში დარწმუნებული არიან, რომ გამარჯვების პლატფორმის სცენარს კეზერაშვილი-მერაბიშვილი წერენ, თუმცა ამბობენ იმასაც, რომ თამაშგარე პოზიციაში აღმოჩენილი ნიკა მელია საკუთარი განცხადებებით პარტიაში მიმდინარე პროცესებზე პასუხისმგებლობის არიდებას ცდილობს.

ორად გაყოფილი და "სტრატეგია აღმაშენებელთან" გაერთიანებული "ნაციონალური მოძრაობის" დამფუძნებელი კი, ყველას პირადი ამბიციების გვერდით გადადებისკენ მოუწოდებს. მიხეილ სააკაშვილი გამარჯვების პლატფორმაში იწვევს ყველა პოლიტიკური შეხედულების და განსხვავებული აზრის მქონე ადამიანს. თუმცა, შიდა პარტიული დაპირისპირება იმდენად გამწვავდა, რომ დღეს, ყოფილი პრეზიდენტის მოწოდება მისსავე პარტიაშიც არავის გახსენებია.

დღის ამბები