26 ნოემბერი 2024,   08:22
ვრცლად
სისხლიანი დაპირისპირებით დასრულებული ბიზნესშეხვედრა - განზრახ მკვლელობის ბრალდებით, პოეტი და პროზაიკოსი დავით გაბისკირია დააკავეს

ერისთავის ქუჩაზე, სისხლიანი დაპირისპირება, მშენებელსა და მიწის მფლობელს შორის დეტალების შეთანხმების პროცესში დაიწყო. კომპანია "ტაგი ჯგუფს" საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე უახლოეს მომავალში უნდა დაეწყო.

მხარეები ზეპირი შეთანხმების ფურცელზე გადასატანად და ოფიციალური დოკუმენტის შესადგენად ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე მდებარე იურიდიულ ფირმა ”ჯი ემ ჯის” ესტუმრნენ. "კურიერის" ინფორმაციით, სწორედ საქმიანი შეხვედრის დროს, ტატო გურგენიძემ და დავით გაბისკირიამ ერთმანეთს ვეღარ გაუგეს და პირადი კონფლიქტიც დაიწყო. ფაქტს საადვოკატო ბიუროს წარმომადგენლებიც შეესწრნენ.

მიწის მფლობელსა და ბიზნესმენებს შორის დაწყებული სიტყვიერი დაპირისპირება, საქმის კრიმინალურ გარჩევაში მალევე გადაიზარდა. ამ დროს, დავით გაბისკირიამ ტატო გურგენიძის მიმართულებით ხუთი გასროლა განახორციელა და 38 წლის ბიზნესმენი ფეხში დაჭრა. ფაქტს არაერთი თვითმხილველი ჰყავს. მათ შორის, გურგენიძის ბიზნესპარტნიორი გიორგი ახობაძეც. მან გამოძიებას ჩვენება მისცა და მომხდარის დეტალები უკვე მოუყვა, თუმცა ბიზნესმენი მედიასთან ამ დრომდე არ ჩნდება.

ტატო გურგენიძის დაჭრის შემდეგ, დავით გაბისკირია ადგილიდან მიიმალა. განზრახ მკვლელობის მცდელობის საქმეზე ძებნილი პოეტი, სამართალდამცველებმა რამდენიმე საათში აიყვანეს. დანაშაულის ადგილიდან ამოღებულია სამეთვალყურეო კამერის ჩანაწერებიც. დაკავებულის ინტერესებს გიორგი ძიგუა იცავს, თუმცა ადვოკატი დაკავებულის პოზიციაზე მედიასთან არაფერს ჰყვება.

დაჭრილი ბიზნესმენი ქართულ-ამერიკულ კლინიკაში გადაიყვანეს. ექიმებმა მას სამედიცინო, მათ შორის, ქირურგიული დახმარება გაუწიეს. მამაკაცის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.

დავით გაბისკირია ბრალის დაზუსტებას წინასწარი დაკავების იზოლატორში ელოდება. ამისთვის კი, პროკურატურას 30 საათზე ნაკლები დრო რჩება. განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე დაკავებულის საქმის განხილვას, თბილისის საქალაქო სასამართლო უახლოეს დღეებში დაიწყებს.

დღის ამბები