მსოფლიო ჩემპიონატი, ევროპის ჩემპიონატი, ევროპული თამაშები, მსოფლიოს გრან-პრი, მსოფლიო თასი - ეს იმ ტურნირების ჩამონათვალია, სადაც მსოფლიო ნომერ პირველმა მოფარიკავემ წარმატებით იასპარეზა. ზოგადად, 2023 წელი ბაზაძისთვის გამორჩეული გამოდგა, ქართველმა მოფარიკავემ 11 ძირითად ტურნირზე მიიღო მონაწილეობა და რაც მთავარია, საპრიზო ადგილზე გავიდა, 11-დან 10 ტურნირში მან ფინალში იასპარეზა. საერთო ჯამში, სანდრო ბაზაძემ თოთხმეტი მედალი მოიპოვა, რაც უნიკალური მიღწევაა.
ბოლო ტურნირი, სადაც ქართველმა მოფარიკავემ იასპარეზა, მსოფლიო ჩემპიონატია. მილანში დასრულებულ მსოფლიო პირველობაზე ბაზაძე ვერცხლის მედალს დაეუფლა, რაც ქართული სპორტის ისტორიაში უპრეცედენტო შედეგია.
მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ბაზაძე ამერიკელ ელი დერ შვიცს დაუპირისპირდა და 6:15 დამარცხდა. ფინალამდე ქართველმა სპორტსმენმა ეგვიპტელ ზიად ელსისის, გერმანელ ლუის ბონაჰის, ტუნისელ ფარეს ფერ-ჯანის, ამერიკელ მიჩელ სერონისა და იაპონელ კენტო იოშიდას აჯობა.
მსოფლიო პირველობის ფინალში განცდილი მარცხის მიუხედავად ბაზაძე კვლავ მსოფლიო რეიტინგის პირველი ნომერია. 29 წლის სპორტსმენი მეორე და მესამე ადგილებზე მყოფ ამერიკელ და უნგრელ მოფარიკავეებს სოლიდური სხვაობით უსწრებს. ბაზაძის მთავარი მიზანი 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშებია. მსოფლიოს საუკეთესო მოფარიკავე საფრანგეთში ოქროს მედლის მოპოვებას გეგმავს.
სანდრო ბაზაძე ამ დროისთვის მილანში იმყოფება, რამდენიმე დღეში ის სამშობლოში დაბრუნდება. მცირე ხნით დაისვენებს და კვლავ დაიწყებს მზადებას ახალი სეზონისთვის, რომელიც სტარტს სექტემბრიდან აიღებს.
ავტორი: ჯემალ ფარცახაშვილი