26 ნოემბერი 2024,   08:35
ვრცლად
შეეშვას ეჭვიანობას, კეთილი ინებოს და ღირსეულად გადავიდეს ცალკე, იქ იმოძრაოს და იქ იშოვოს ფული - ირაკლი ზარქუა მელიაზე

"ნაციონალურ მოძრაობაში" დაპირისპირება გრძელდება - ვრცელი სატელევიზიო ინტერვიუს შემდეგ ნიკა მელია ახალ პოსტს ავრცელებს. ის თანაპარტიელების პასუხად ზაზა გოროზიას ისევ აკრიტიკებს და მას პოლიტიკურ ოპონენტებთან გარიგებაში ადანაშაულებს.

პარტიაში დაპირისპირებას მმართველ გუნდში ეხმაურებიან. პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი ზარქუა მიიჩნევს, რომ ნიკა მელია "ეჭვიანობას უნდა შეეშვას".

"ვერ გავიგე, ხაბეს ფული არ უნდა? კეზერაშვილის ფულის განაწილება არ უნდა დანარჩენებს? თვითონ რასაც აკეთებდნენ, იგივეს აკეთებს და რატომ უკვირს, ეჭვიანობს იმიტომ, რომ გამოაბუნძულეს იქიდან. ჩემი ხაბე კი მაინც დარბის აგერ, პირად კონტროლზე ჰყავს აყვანილი ფლორა, ფაუნა, ამინდის პროგნოზი და ა.შ.

შეეშვას ეჭვიანობას, თუ რამე აქვს ერთი ადგილი, რომ პოლიტიკაში იყოს, კეთილი ინებოს და ღირსეულად გადავიდეს ცალკე, იქ იმოძრაოს და იქ იშოვოს ფული. ოპოზიციური გაერთიანების ხელმძღვანელად ხაბე როგორ უნდა დანიშნო? ახლა მიიყვანეს მეორე, რომელიც უკეთესად არის შეფუთული ამ ევროპულობით, სინამდვილეში ერთი შარლატანია ბატონი ვაშაძე, რომელიც არის ცრუპენტელა და პოპულისტი," - აცხადებს ირაკლი ზარქუა.

რაც შეეხება პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს გია ვოლსკის, ის აცხადებს, რომ გიორგი მარგველაშვილი და ლევან ხაბეიშვილი პათოსით, შინაარსით და ქვეყნის მიმართ დამოკიდებულებით ერთნაირები არიან.

"ხაბეიშვილი გაჩერდა, გაიყინა და ვეღარ ანვითარებს. გარდა იმ რევოლუციური მოწოდებებისა იდეა არ გააჩნია და ფიქრობენ, რომ გიორგი ვაშაძე სწორედ ის შემავსებელი იქნება. სჭირდება თუ არა ეროვნულ ინტერესებს მერაბიშვილის და კეზერაშვილის გაერთიანება, რომლის თოჯინა იქნება გიორგი ვაშაძე, ხაბეიშვილი ან ნებისმიერი სხვა? არ სჭირდება ამაშია საქმე. გიორგი მარგველაშვილი ძალიან ადვილად წარმომიდგენია, იგი არის გაცილებით უფრო ინტელექტუალური, უცხო ენაზე მოლაპარაკე, მაგრამ თავის პათოსით, შინაარსით, დამოკიდებულებით ქვეყნის მიმართ ზუსტად იგივეა, რაც ლევან ხაბეიშვილი. თუ კი ისინი ერთად იქნებიან, სწორედაც ის დუეტი ან ტრიო იქნება, რომელიც ჩაფიქრებული იქნება იმ სცენარში, სადაც ფულს იხდის კონკრეტული ადამიანი," - აცხადებს გია ვოლსკი.

დღის ამბები