26 ნოემბერი 2024,   08:53
ვრცლად
"მან რაც არ უნდა ისაუბროს, ვერაფერი ვერ გაათეთრებს ვერც მას, ვერც იმ პარტიას, სადაც იყო და არის" - ანრი ოხანაშვილი ნიკა მელიაზე

"მან რაც არ უნდა ისაუბროს, ვერაფერი ვერ გაათეთრებს ვერც მას, ვერც იმ პარტიას, სადაც ის იყო და არის" - ეს განცხადება პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა ნიკა მელიასთან დაკავშირებით გააკეთა. მისივე თქმით, უფრო რეალური სცენარია, ნიკა მელიას თავიდანვე სცოდნოდა ის ყველაფერი, რაც "ნაციონალურ მოძრაობაში" ხდება და რასთან დაკავშირებითაც მელიამ ერთ-ერთი ტელევიზიის ეთერში ისაუბრა.

"რა თქმა უნდა, არც ხაბეიშვილს და არც ვაშაძეს, პარტიაში, სადაც ისინი გაერთიანდნენ, არ ეკითხებიან გადაწყვეტილებებს იმ დოზით და იმ ფორმით, რა გადაწყვეტილებებსაც ეს პარტია იღებს. ისინი არიან გამხმოვანებლები და რადიკალიზაციის მუხტის შემქმნელები კონკრეტული დავალებების გათვალისწინებით. ამიტომ, შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება. როგორც ჩანს, მელიამ ამის შესახებ, რომ ასეთი რაღაც ხდებოდა, ან გვიან შეიტყო, ან მეორე, უფრო ლოგიკური სცენარი - მან ძალიან კარგად იცოდა ვის რა ინტერესები ჰქონდა, მაგრამ იყო იმ მოცემულობაში და სიხარბესა და ანგარებაზე ორიენტირებულ ადამიანებთან ერთად აკეთებდა იმ საქმეს, რასაც ჰქვია ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედება. ამიტომ, მან რაც არ უნდა ისაუბროს, ვერაფერი ვერ გაათეთრებს ვერც მას, ვერც იმ პარტიას, სადაც ის იყო და არის," - აცხადებს ანრი ოხანაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ნიკა მელიას განცხადებები "ნაციონალურ მოძრაობაში" მორიგი დაპირისპირების მიზეზი გახდა. პარტიის ყოფილმა თავმჯდომარემ ერთ ერთ სატელევიზიო ინტერვიუში არაფორმალურ მმართველობაზე ისაუბრა. თქვა, რომ გიორგი ვაშაძის ინტეგრირება მხოლოდ ვანო მერაბიშვილის და დავით კეზერაშვილის გადაწყვეტილებით მოხდებოდა და მსგავსი საკითხები მათ გარეშე არ წყდება. ამასთან, ნიკა მელიამ "ნაციონალური მოძრაობის" ამომრჩევლის შეურაცხყოფა უწოდა პარტიის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად გიორგი ვაშაძის განხილვას. მისივე შეფასებით, ეს იმას ნიშნავს, რომ საკუთარ რიგებში კანდიდატს ვერ პოულობ.

დღის ამბები