26 ნოემბერი 2024,   08:47
ვრცლად
რა დოკუმენტები გამოქვეყნდა აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს ვებ-გვერდზე და როგორია შეფასებები პოლიტიკურ სპექტრში

დოკუმენტებმა, რომელიც ამერიკის იუსტიციის სამინისტროს ვებ-გვერდზე ამერიკული "ფარას" კანონის მოქმედების შედეგად გამოქვეყნდა, ”ქართული ოცნების” თავმჯდომარის თქმით, ექს-პრეზიდენტის გეგმები და ზრახვები გამოააშკარავა.

ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი და მისი ოჯახი მილიონებს ლობისტურ კომპანიებს არა მარტო ყოფილი პრეზიდენტის გათავისუფლებისთვის, არამედ საქართველოსთვის რეპუტაციული ზიანის მიეყენებისთვის უხდიდა. მმართველ პარტიას არც ის გაკვირვებია, რომ დოკუმენტებში საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი - გიორგი მარგველაშვილიცაა ნახსენები.

”ნაციონალური მოძრაობა” ფარას დოკუმენტებზე, მმართველი პარტიის შეფასებებს ცილისწამებასა და სიცრუეს უწოდებს. ყოფილი პრეზიდენტის პარტიაში ამბობენ, რომ სახელისუფლებო გუნდი ახლა, მიხეილ სააკაშვილის შემდეგ, უკვე გიორგი მარგველაშვილის დისკრედიტაციას ცდილობს.

ფარას დოკუმენტებში გიორგი მარგველაშვილის ხსენებას არასერიოზულად აღიქვამს ოპოზიციის მეორე ნაწილიც, რომელიც იმ მოსაზრებას იზიარებს, რაც ნაციონალურ მოძრაობას აქვს. ისინი პრობლემას არც ლობისტური კომპანიების დაქირავებაში ხედავენ - ამტკიცებენ, რომ ამ ფორმით გიული ალასანია შვილის გადარჩენას ცდილობდა.

ექს-პრეზიდენტის ლობისტური კამპანიის მიზანი, მმართველი გუნდის შეფასებით, სახელმწიფოს ინტერესების დაზიანებაა. საპარლამენტო უმრავლესობაში ფიქრობენ, რომ ქვეყნის წინააღმდეგ ბრძოლაში, სააკაშვილის გარემოცვასთან ერთად, საქართველოს კიდევ ერთი ყოფილი პრეზიდენტი - გიორგი მარგველაშვილიც მონაწილეობდა. ეს ყველაფერი კი, ”ქართული ოცნების” თქმით, ამერიკაში მოქმედმა იმ კანონმა გამოააშკარავა, რომელსაც საქართველოში რუსული უწოდეს და პროტესტი მოჰყვა.

ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის ვებ გვერდზე, 28 გვერდიანი დოკუმენტი ივნისის ბოლოს აიტვირთა. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში ლობისტურმა კომპანია აკერმანმა სხვადასხვა აქტივობები განახორციელა, რომელიც ევროპარლამენტის რეზოლუციებს, სანქციებს საქართველოს წინააღმდეგ, სააკაშვილის შეწყალების მოთხოვნით საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის მცდელობას და ასევე პოლონელი ექიმების ვიზიტს ეხებოდა.

 

დღის ამბები