ქართველები სტიქიის ზონაში - "კურიერის" რესპონდენტი საბერძნეთიდან ყვება იმ გაუსაძლის მდგომარეობაზე, რომელიც ძლიერი სიცხის გამო ქვეყანაშია. შოთა ყაველაშვილი კუნძულ როდოსზე ცხოვრობს, იქ, სადაც ყველაზე რთული კლიმატური პირობებია. მაღალი ტემპერატურის გამო, ქუჩაში მხოლოდ განსაკუთრებული საჭიროების შემთხვევაში გადის.
საბერძნეთში, ტემპერატურა ისტორიულ მაქსიმუმს ბოლო 10 დღეა მიუახლოვდა. 2006 წლის შემდეგ ასეთი ცვლილება ქვეყანაში არ ყოფილა. ჰაერის ტემპერატურა 47%-ს აღწევს. ძლიერი ქარისა და მაღალი სიცხის გამო, საბერძნეთი მეშვიდე დღეა ტყის ხანძრებს უშედეგოდ ებრძვის. სამაშველო ბრიგადები გარკვეულ ადგილებში ცეცხლის კერებთან მისვლას ვერ ახერხებენ, რის გამოც ხანძრის ლოკალიზება ვერ ხერხდება. კუნძულ როდოსიდან 20 ათასი ადამიანი უკვე გაიყვანეს. 2000-ზე მეტმა ტურისტმა ქვეყანა დატოვა, დიდი ნაწილი ჯერ კიდევ გამგზავრების მოლოდინშია.
საბერძნეთში, ტყის ხანძრის ჩაქრობის პროცესში თვითმფრინავი ჩამოვარდა. ავიაკატასტროფა ათენის მახლობლად, კუნძულ ევიაზე მოხდა. ბორტზე ეკიპაჟი იმყოფებოდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მასშტაბურმა ხანძარმა კუნძულ როდოსის 10 პროცენტი გაანადგურა
საბერძნეთის მთავრობა კიდევ უფრო რთულ დღეებს აანონსებს.
კიდევ ერთი ქართველი იტალიაში, ტემპერატურის გამო შექმნილ პრობლემებზე გვიყვება. მზეკო მჟვანი რომში ცხოვრობს. ამბობს, რომ დილით უკვე ტემპერატურა 44 გრადუსს აჩვენებდა. გასული დღეების განმავლობაში, კი სიცხე 52 გრადუსამდეც ავიდა. იტალიის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, შუადღეს ქუჩაში გასვლა აკრძალულია.
მაღალი ტემპერატურის გამო, იტალიის 16 ქალაქში განგაშის წითელი ნიშნულია გამოცხადებული. ცეცხლშია გახვეული სიცილია. ტყის ხანძრისა და ძლიერი ქარიშხლის გამო, პალერმოს აეროპორტი დაიხურა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაღუპულია 2 ადამიანი. შეფერხებულია საგზაო და სარკინიგზო მოძრაობაც. ქარიშხალმა სახლებს გადახადა სახურავები და შეაფერხა ტრანსპორტი. მოსახლეობას ელექტროენერგია და წყალი შეზღუდვით მიეწოდება.
კლიმატის მონიტორინგის რუკაზე, კარგად ჩანს ცხელი ძლიერმა სიცხემ როგორ დაფარა ევროპის კონტინენტის ნაწილი და ცხელი ჰაერი მასები როგორ ინაცვლებს თურქეთისკენ. სწორედ მაღალი ტემპერატურის შედეგად, ცეცხლის კერებია თურქეთის ტურისტულ ადგილებშიც. ქემერში ტყის ხანძრის ჩასაქრობად 1000- ზე მეტი სამაშველო ბრიგადა, 11 სახანძრო თვითმფრინავი და 22 ვერტმფრენია მობილიზებული. ხანძრის გავრცელებას ხელს უწყობს ძლიერი ქარი და ამ დროისთვის ცეცხლი 120 ჰექტარზეა გავრცელებული . ადგილობრივი ხელისუფლება ამბობს, რომ ამ ეტაპზე მოსახლეობის ევაკუაცია საჭირო არ არის.
რეკორდულად მაღალ ტემპერატურას სპეციალისტები ტროპიკული წყნარი ოკეანის წყლების დათბობას უკავშირებენ, რომელიც მკვეთრ კლიმატურ ცვლილებებს იწვევს.