თხების გამო დაწყებული ჩხუბი მკვლელობით დასრულდა. ხონის რაიონის სოფელ ჯიხაიშში, მეზობობლებში დაწყებული კამათი ჯერ სროლაში, შემდეგ კი დანისა და ნაჯახის გამოყენებით სისხლიან დაპირისპირებასი გადაიზარდა.
ადგილობრივების განმარტებით, მკვლელობაში ბრალდებულმა ნუკრი კეკელიძემ 63 წლის ბარნაბა ჩომახიძეს თხების ეზოში ხშირი გადმოსვლის გამო შენიშვნა მისცა, რასაც მეზობლებს შორის დაპირისპირება მოჰყვა.
ბრალდებულის დედა ამბობს, რომ ჩომახიძემ მათ სახლს გუშინ სანადირო თოფიდან რამდენჯერმე ესროლა. მას შემდეგ, რაც ოჯახმა პოლიცია გამოიძახა, 63 წლის კაცი კეკელიძეებთან უკვე მეორედ ნაჯახით შეიარაღებული მივიდა.
ჩხუბი ბარნაბა ჩომახიძესა და ნუკრი კეკელიძეს შორის მკვლელობით დასრულდა. ბრალდებულის ოჯახის წევრების მტკიცებით 42 წლის მამაკაცი ნაჯახით შეიარაღებული მეზობლისგან თავს იცავდა, რა დროსაც მას გულ-მკერდის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა.
მკვლელობაში ბრალდებულს შემთხვევის ადგილიდან გაქცევა არ უცდია, ის პოლიციას ჩაბარდა. ხონის რაიონში მომხდარ დანაშაულთან დაკავშირებით, საქმე 108-ე განზრახ მკვლელობის მუხლითაა აღძრული.