ომის 517-ე დღე უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაშით დაიწყო. თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, აგრესორმა რაკეტებით და უპილოტო საფრენი აპარატებით, მორიგი, მასშტაბური შეტევა განახორციელა. სამიზნე იყო უკრაინის დედაქალაქიც. კიევის მიმართულებით გაშვებული 25 დრონი საჰაერო თავდაცვის სისტემამ ჩამოაგდო.
1 ბავშვი დაიღუპა დაბომბვის შედეგად დონეცკის ოლქის სოფელ კოსტიანტინივკაში. რუსულმა არმიამ მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ კასეტური ჭურვები გამოიყენა. მძიმედ დაშავდა 7 მშვიდობიანი მოქალაქე. მათ შორის 4 - არასრულწლოვანია. საცხოვრებელი სახლები და კრიტიკული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურა დაზიანდა სუმის 17 სასაზღვრო დასახლებაში.
შეტევას სამოქალაქო ობიექტებზე უკრაინელმა სამხედროებმა აგრესორის პოზიციებზე მასშტაბური იერიშით უპასუხეს. განადგურებულია რუსული არმიის ერთ-ერთი სამეთაურო პუნქტი. ფრონტის მთელ ხაზზე ბოლო 24 საათში ლიკვიდირებულია 600 ოკუპანტი. განადგურებულია რუსული არმიის 12 ტანკი, 13 ჯავშანტექნიკა, 30 საარტილერიო სისტემა და 12 სატრანსპორტო საშუალება.
უკრაინელმა სამხედროებმა დაიკავეს სტრატეგიული პოზიციები დონეცკის ოლქის სტარომაიორსკის დასახლებასთან. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საოკუპაციო ძალა უკუაგდეს ასევე ანდრიივკას მიმართულებით. მძიმე შეტაკებები გრძელდება ბახმუტის და ჩრდილოეთ და სამხრეთ ნაწილებში.
ომში მყოფი ქვეყნის მხარდაჭერას განაგრძობენ საერთაშორისო პარტნიორები. ესპანეთის თავდაცვის სამინისტრო უკრაინაში "ლეოპარდის" ტიპის ტანკებს და ჰუმანიტარულ დახმარებას აგზავნის. უკრაინის სამხედრო დახმარების 3 წლიანი გეგმა დაამტკიცა ლიეტუვას თავდაცვის საბჭომ. საუბარია 220 მილიონი დოლარის გამოყოფაზე.