26 ნოემბერი 2024,   08:23
ვრცლად
ეკა სეფაშვილი: მიშას გათავისუფლება იქნება, აგრესია ხელისუფლების მიმართ თუ რაიმე ამბოხი, ყველაფერი მიდის იმისკენ, რომ საქართველომ მეორე ფრონტი გახსნას

"სანამ რუსეთ-უკრაინის ეს მძიმე ომი მიმდინარეობს, საქართველო მეორე ფრონტის საშიშროების წინაშე იქნება. ამიტომ, მცდელობა, რომლის ფარგლებშიც შესაძლოა დეკემბერში კანდიდატის სტატუსიც გამოიყენონ, სულ იქნება, რომ ან ხელისუფლება შეიცვალოს და ისე გაიხსნას მეორე ფრონტი, ან საქართველო არსებული მთავრობით  ჩაებას ომში.“, - ამის შესახებ გადაცემა „პოლიტიკურ პოსტში“ „ხალხის ძალის“ წევრმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა განაცხადა.
 
მისი თქმით, საქართველოს მოწინააღმდეგეთა საქმიანობა და მიზანმიმართული ქმედებები, რომლებიც FARA-ს კანონის მეშვეობით, ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის ვებგვერდზე გასაჯაროვდა, არის სწორედ ქართულ საზოგადოებაში ანტიდასავლური და ანტიამერიკული განწყობების წარმომშობი.
 
„კავკასიის რეგიონში საქართველო არის დასავლეთის, ამერიკისა და ევროკავშირის ერთ-ერთი ყველაზე საიმედო პარტნიორი და დასაყრდენი. ჩვენი ხალხის, საზოგადოების გაცხადებული მიზანია, რომ ევროპული, დასავლური ცივილიზაციის ნაწილი ვართ და ვიყოთ. ეს არჩევანი გუშინ კი არ გავაკეთეთ, ეს ჩვენი ისტორიული არჩევანია. ევროკავშირში გაწევრიანება, დასავლეთისკენ სწრაფვა გვინდა არა იმიტომ, რომ გეოგრაფიულად მაინცდამაინც დასავლეთი მოგვწონს, არამედ, ღირებულებათა ის სისტემა, რაც ორგანულია ჩვენთვის, რაც ჩვენი კულტურა არის, რისთვისაც ჩვენმა წინაპრებმა სისხლი ღვარეს, ამას ვხედავთ და ამისთვის ვიბრძვით.
 
ეს ფაქტები, რაც FARA-ს დოკუმენტში ვიხილეთ, არის სწორედ ცალკეული პირების, მათ შორის, ამერიკის საელჩოს თანამშრომლების, ყოფილი თუ მოქმედი ელჩების ანტიამერიკული და ანტიდასავლური პროპაგანდის მიზანი, რომელიც სწორედაც ჯდება რუსეთის ანტიევროპულ რიტორიკაში. ისინი ჩვენზე, „ხალხის ძალასა“ და „ქართულ ოცნებაზე“ ამბობენ, რომ ანტიდასავლური რიტორიკა გვაქვს, მაგრამ სწორედ მათი საქმიანობა და მიზანმიმართული ქმედებები, რომლებზეც კი არ ვვარაუდობთ, პირდაპირ, FARA-ს კანონის მეშვეობით, ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის ვებგვერდზე ვხედავთ, არის სწორედ ქართულ საზოგადოებაში ანტიდასავლური და ანტიამერიკული განწყობების წარმომშობი, რაც ძალიან ცუდია ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის.“, - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.
 
დეპუტატმა გლობალური ომის პარტიის მიზანზეც ისაუბრა, რომელიც რეგიონში მშვიდობის დაზიანებას მოიცავს.

"მიშას შეწყალებასთან დაკავშირებით მიმდინარე მოვლენები არის ერთი პატარა რგოლი იმ დიდი ჯაჭვისა, რაც საქართველოს წინააღმდეგ შეთქმულებას გულისხმობს.  სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა და მისი შეწყალების საკითხი არის მიმართული იქითკენ, რომ ეს საკითხი ერთგვარ გამომწვევ მიზეზად აქციონ საზოგადოებაში შფოთის შესაქმნელად და არეულობის გამოსაწვევად. FARA-ს კანონის მეშვეობით გასაჯაროებულ დოკუმენტში გაცილებით უარესი რაღაცეები წერია, ვიდრე მიშას შეწყალებასთან დაკავშირებული საკითხებია - საქართველოს სანქცირების მოთხოვნა და ქვეყნის იმიჯის დაზიანება. ეს არის ის საშინელი სიმართლე, რაც ჩვენ ამოვიკითხეთ. ეს არის გლობალურად კოორდინირებული, იმიტომ, რომ მარტო  ფული არ არის საქმე. ამას სჭირდება კარგად მოფიქრებული ერთიანი სტრატეგია და მსოფლიოს მასშტაბით ამის ორგანიზება. იმიტომ, რომ არ არის ასე მარტივი მხოლოდ ფულის გადახდით მსოფლიოს წამყვან მედიასაშუალებებში შეკვეთილი სტატიები დაბეჭდო და ევროპარლამენტს უარყოფითი რეზოლუცია მიაღებინო.
 
ამ ყველაფრის გარდა, მნიშვნელოვანი ძალისხმევა იდება იმაში, რომ რეგიონში მშვიდობა დაზიანდეს. გლობალურად თუ შევხედავთ, საბოლოო მზიანი სწორედ ეს არის. მიშას გათავისუფლება იქნება, აგრესია ხელისუფლების მიმართ თუ რაიმე ამბოხი, ეს ყველაფერი მიდის იმისკენ, რომ საქართველომ მეორე ფრონტი გახსნას. სანამ რუსეთ-უკრაინის ეს მძიმე ომი მიმდინარეობს, საქართველო ამ საშიშროების წინაშე იქნება. ამიტომ, მცდელობა, რომლის ფარგლებშიც შესაძლოა დეკემბერში კანდიდატის სტატუსიც გამოიყენონ, სულ იქნება, რომ ან ხელისუფლება შეიცვალოს და ისე გაიხსნას მეორე ფრონტი, ან საქართველო არსებული მთავრობით  ჩაებას ომში. თვითონ აცხადებენ, სააკაშვილის რეჟიმი იყო ომის ხელისუფლება, ახლანდელი ხელისუფლება არ არის, ვერ ჩავრთეთო.
 
საზოგადოების ძირითადი ამოცანა და ვალდებულებაც არის , რომ ამ ყველა ინფორმაციით გამოიტანოს სწორი დასკვნები და აღარ შეცდეს, როგორც მარტში შეცდა, როდესაც საზოგადოების ინფორმირებულობის და მომავლის დაცვის მიზნით გამჭვირვალობის კანონის მიღებას ვცდილობდით, მაგრამ საზოგადოების ნაწილი შეცდომაში შეიყვანეს. ვფიქრობ, საზოგადოება გაიზარდა, ისწავლა ამ შეცდომაზე და ოპოზიციისგან მცდელობა, რომ ყველაფერს რუსული უწოდონ, რასაც არ ეთანხმებიან, უკვე სასაცილოა.“, - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

დღის ამბები