26 ნოემბერი 2024,   08:18
ვრცლად
გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ საქართველო კიდევ ერთ ნაბიჯს გადადგამს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, რაც კანდიდატის სტატუსს გულისხმობს - პაველ ჰერჩინსკი

"საქართველოს გზა ევროკავშირისკენ" - კონფერენცია გრძელდება. მონაწილეებს შორისაა საქართველოში ევროკავშირის ელჩი, რომელიც იმედოვნებს, რომ ქვეყანა მიიღებს კანდიდატის სტატუსს, აქვე პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, სურათი, მისი შეფასებით, პოზიტიურია, თუმცა აუცილებელია რეკომენდაციების შესრულების ნაწილში მეტი პროგრესი.

"ევროკომისიის შეფასებით, 12 რეკომენდაციიდან 3 სრულად არის შესრულებული, 2 რეკომენდაციასთან დაკავშირებით, რომელიც შეეხება მედიის თავისუფლებას და დეოლიგარქიზაციას, ჯერ კიდევ გვჭირდება დაჩქარება. დეოლიგარქიზაცია კომპლექსური საკითხია. ეს გამოწვევა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებშიც დგას.

ევროკავშირი გულწრფელად იმედოვნებს, რომ ქართული პოლიტიკური ელიტა სწრაფად გადახედავს თავის დამოკიდებულებას და გამოვა ხედვით, თუ როგორ უნდა მოგვარდეს საქართველოში ოლიგარქების გადაჭარბებული გავლენის საკითხი სისტემური მიდგომით. რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს, რომ ჩვენ არ ვსაუბრობთ ცალკეულ პირებზე, ჩვენ არ ვსაუბრობთ სახელებზე, არამედ ჩვენ ვსაუბრობთ ისეთი გარემოს შექმნაზე, რომელშიც ოლიგარქების გადაჭარბებული გავლენა შეუძლებელი ან ძალიან რთული იქნება.

რაც შეეხება სასამართლო სისტემას, არ არსებობს ოქროს სტანდარტი. ევროკავშირის შიგნითაც მიმდინარეობს დისკუსიები კანონის უზენაესობისა და სასამართლო რეფორმის შესახებ. ვიმედოვნებთ, რომ საქართველო იპოვის გზას, რათა პროგრესს მიაღწიოს ძალიან რთულ და გამოწვევებით სავსე საკითხთან დაკავშირებით. ასე რომ, როგორც ხედავთ, სურათი სხვადასხვაგვარია, რაც ჩემი აზრით, უფრო პოზიტიურია.

გადაწყვეტილების მიღება მოსალოდნელია დეკემბერში და გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ საქართველო კიდევ ერთ ნაბიჯს გადადგამს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, რაც კანდიდატის სტატუსს გულისხმობს, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ეს ევროკავშირის 27 სახელმწიფოს ხელშია," - აცხადებს ელჩი. 

რაც შეეხება პოლიტიკოსებს - კრიტიკულია ოპოზიცია, რომელსაც უფრო მეტად პესიმისტური განწყობა აქვს და ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე საუბრობს.

პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა აცხადებს, რომ "ქართული ოცნება" მნიშვნელოვან რეკომენდაციებს არ ასრულებს. 

"ოცნებამ გადასარევად იცის რა ევალება დღეს საქართველოს ხელისუფლებას, რომ სტატუსი მივიღოთ. ისინი მიზანმიმართულად ანგრევენ ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს. არ ასრულებენ მნიშვნელოვან რეკომენდაციებს," - აცხადებს თინა ბოკუჩავა. 

დღის ამბები