საგამოძიებო სამსახურმა ქუთაისში 50 დოლარიანი კუპიურების გაყალბება-გასაღების ფაქტზე 2 პირი დააკავა. ბრალდებულები ყალბ ფულს ვალუტის გადამცვლელ პუნქტებში ასაღებდნენ.
უწყების ინფორმაციით, დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
"საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ყალბი ვალუტის გასაღების ფაქტზე, დაკავებულ იქნა ორი პირი.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები, წინასწარი შეთანხმებით, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ქალაქ ქუთაისში განთავსებულ ვალუტის გადამცვლელ პუნქტებში ასაღებდნენ ყალბ ვალუტას.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია 650 აშშ დოლარის ოდენობის 13 ცალი ყალბი 50-დოლარიანი კუპიურა.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით", - აღნიშნულია განცხადებაში.