მოსკოვში დილიდან აფეთქებების ხმა ისმოდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, რუსეთის დედაქალაქის ერთ-ერთ ბიზნეს ცენტრზე იერიში უპილოტო საფრენი აპარატებით მიიტანეს. თავდაცვის უწყებამ მომხდარში კიევი დაადანაშაულა და ორი უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოგდების შესახებ განაცხადა.
რუსეთის დედაქალაქში უპილოტო საფრენი აპარატების აფეთქებაზე ოფიციალური კიევი კომენტარს ამ დრომდე არ აკეთებს. მოსკოვში, უკრაინული დრონები ოდესის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე განხორციელებული მორიგი თავდასხმიდან მალევე გამოჩნდა. საპორტო ქალაქს რუსულმა არმიამ დილის საათებში უკვე მეექვსედ შეუტია. ირანული წარმოების 15 უპილოტო საფრენი აპარატის აფეთქების შედეგად, განადგურებულია მარცვლეულის 3 საწყობი, მძიმედ დაშავდა 6 მშვიდობიანი მოქალაქე. მათგან ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.
ერთ კვირიან, უწყვეტ შეტევას ოდესაზე და უკრაინის დანარჩენ ქალაქებზე ვოლოდიმირ ზელენსკი ტერორისტულ თავდასხმას უწოდებს. ქვეყნის პირველი პირის თქმით, რუსული რაკეტების სამიზნე არამხოლოდ ქალაქები და სოფლები - არამედ, მთელი ევროპული კულტურის საფუძვლებია.
უკრაინელი სამხედროები კი კვლავ ოკუპირებულ ყირიმს უტევენ. ნახევარკუნძულის დე-ფაქტო ხელისუფლება ამტკიცებს, რომ აფეთქებულია საბრძოლო მასალის საცავი. ახლომდებარე დასახლებებიდან მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო.
მძიმე შეტაკებები გრძელდება ფრონტის მთელ ხაზზე. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, წინსვლა აქვთ ბახმუტის მიმართულებით, თუმცა, დეტალებს ძალოვანი უწყება არ აზუსტებს. ტრადიციულ ბრიფინგზე შეაჯამეს მხოლოდ უკანასკნელი 24 საათის მონაცემები, სადაც რუსეთის კოლოსალურ დანაკარგზეა საუბარი.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უკანასკნელი ერთი კვირის განმავლობაში უკრაინელმა სამხედროებმა ქვეყნის სამხრეთში 12 კვადრატული კილომეტრი ტერიტორია გაათავისუფლეს. კონტრიერიშის ნელ ტემპს კიევი საოკუპაციო ძალის მიერ თავდაცვის პოზიციაში გადასვლას უკავშირებს. უკრაინის მთავრობას იმედი აქვს, რომ ბრძოლის ველზე უპირატესობის მოპოვება "ეფ-16" ტიპის მოიერიშეების მიღების შემდეგ გახდება შესაძლებელი. წინასწარი ინფორმაცით, სამხედრო თვითმფრინავებს უკრაინა 2024 წლის დასაწყისში მიიღებს.