26 ნოემბერი 2024,   08:52
ვრცლად
მთელ მსოფლიოს უნდა გაეგო, როგორ იბრძვის საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი მესამის სიცოცხლის გადასარჩენად - რა ღირდა ამ სათაურით სტატიის დისტრიბუცია მედიაში

ლობისტურ კამპანიაში მე-4 პრეზიდენტის ჩასართავად გიული და თემურ ალასანიებმა 11 559 ამერიკული დოლარი, მედიაკომპანია ""სიჟენ პიარ ნიუსვაიერს"" გადაუხადეს. ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის ვებ-გვერდზე განთავსებული დოკუმენტებით ირკვევა, რომ კომპანიამ თანხა, გიორგი მარგველაშვილის ერთ-ერთი აქტივობის სანაცვლოდ მიიღო. მოვალეობაში პრესრელიზების გავრცელება შედიოდა, სადაც აღნიშნული უნდა ყოფილიყო, რომ „საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი – გიორგი მარგველაშვილი, სათავეში ჩაუდგა სააკაშვილის გადარჩენის კოალიციას."" 6 თებერვლით დათარიღებული ერთ-ერთი ასეთი რელიზი, გამოცემა ბლუმბერგმა გამოაქვეყნა, სადაც წერია, რომ ექსპრეზიდენტი მოწამლულია, არაჰუმანური მოპყრობის მსხვერპლია, მის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადასაყვანად კი პეტიციაა შექმნილი. ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციაზე მარგველაშვილს 2 პასუხი აქვს.

მამუკა მდინარაძის განცხადებით, მარგველაშვილის მდაბიო, ერთსაათიანი ტყუილი და მისი დისტრიბუცია საერთაშორისო მედიაში 11 500$-ით დაფინანსდა.

"წარმოიდგინეთ, რამხელა ფული სჭირდება იმ კამპანიას, რომელიც წარმოებს საქართველოს წინააღმდეგ", - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარემ.

დოკუმენტი, სადაც მე-4 პრეზიდენტი, მისი წინამორბედის ერთ-ერთ მაშველ რგოლად სახელდება, "ქართული ოცნების" შეფასებით, დეზინფორმაციული კამპანიის მორიგი მხილებაა. მმართველი გუნდის ლიდერები გიორგი მარგველაშვილს სიყალბის გავრცელების მცდელობაში ადანაშაულებენ და ამბობენ, რომ ის სახელმწიფოს წინააღმდეგ, პოლიტიკურ დანაშაულს ჩადის.

თავად სააკაშვილის პარტიაში კი ამბობენ, რომ შტატების იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაცია გაყალბებულია.

"ფარას" მტკიცებულებებზე განმარტებების გაკეთება არ სურს, მსჯავრდადებულ სააკაშვილის დედას, რომელმაც კლინიკა "ვივა მედი" დღეს უკანა გასასვლელიდან, გაძლიერებული დაცვის თანხლებით დატოვა.

გიული ალასანიას პასუხი, არც ლობისტურ კამპანიაში, ამერიკის საელჩოს წარმომადგენლის ჩართულობაზე აქვს. ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებული მტკიცებულებების თანახმად,სააკაშვილის შეწყალების საკითხის მთავარი კოორდინატორი ევან ელიოტი იყო, რომელიც ნიუ იორკში სალომე ზურაბიშვილის ვიზიტის დროს, საქართველოს პრეზიდენტისა და ექსპრეზიდენტის ადვოკატების შეხვედრის ორგანიზებას ცდილობდა. შტატებში შეხვედრა ზურაბიშვილის უარის გამო, არ შედგა.

ევან ელიოტმა, რომელიც 2010 წლიდან დღემდე, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის საგარეო სამსახურის ოფიცერია, კურიერის ინფორმაციით, საქართველო მარტში დატოვა, მანამდე კი ის ორი წლის განმავლობაში, საქართველოში ამერიკის საელჩოში პოლიტიკური მრჩევლის თანამდებობას იკავებდა. ეს ის პოზიციაა, რომელზეც როგორც წესი, ამერიკის სადაზვერვო სამსახურის თანამშრომლები მუშაობენ.

ელჩმა დეგნანმა რამდენიმე დღის წინ მედიასთან განაცხადა, რომ ფარას დოკუმენტებს არ იცნობს. დოკუმენტების შესახებ საუბარი არ ისურვეს არც დიპლომატიურ სამსახურში. "რუსთავი 2-ის" მიერ გაგზავნილ წერილზე საპასუხოდ მხოლოდ ის თქვეს, რომ საელჩო დაინტერესებულია პატიმარ სააკაშვილის ყველა უფლება იყოს დაცული.

სააკაშვილის ლობისტური კამპანიის მიზანი, მმართველი გუნდის შეფასებით, სახელმწიფოს ინტერესების დაზიანება და დისკრედიტაციაა. საპარლამენტო უმრავლესობაში ფიქრობენ, რომ ქვეყნის წინააღმდეგ, სააკაშვილის გარემოცვასთან ერთად ამერიკის საელჩოც მოქმედებდა.
ქართული ოცნების მსგავსად, ოპოზიციის ნაწილიც დარწმუნებულია, რომ სააკაშვილის ლობისტურ კამპანიაში ელიოტის მონაწილეობის შესახებ საელჩო ინფორმირებული იყო.

ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის ვებ გვერდზე, 28 გვერდიანი დოკუმენტი ივნისის ბოლოს აიტვირთა. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში ლობისტურმა კომპანია "აკერმანმა" სხვადასხვა აქტივობები განახორციელა, რომელიც ევროპარლამენტის რეზოლუციებს, სანქციებს საქართველოს წინააღმდეგ, სააკაშვილის შეწყალების მოთხოვნით საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის მცდელობას და ასევე პოლონელი ექიმების ვიზიტს ეხებოდა.

ავტორი: ანუკა ბუავა

დღის ამბები