26 ნოემბერი 2024,   08:40
ვრცლად
პრემიერის ვიზიტი ხორვატიაში - რა დაპირებებით ბრუნდება საქართველოს დელეგაცია თბილისში

ისტორიული მისიით და პირველად, საქართველოს პრემიერი ხორვატიაში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა. ოფიციალური ცერემონია მთავრობის სასახლეში გაიმართა, სადაც საქართველოსა და ხორვატიის ეროვნული ჰიმნები აჟღერდა. მოგვიანებით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საპატიო სტუმართა წიგნში სამახსოვრო ჩანაწერიც გააკეთა.

ოფიციალური დახვედრის ცერემონიის შემდეგ, სტუმარი და მასპინძელი ქვეყნის პირველი პირები ერთმანეთს ჯერ პირისპირ, მოგვიანებით კი გაფართოებულ ფორმატში შეხვდნენ. გზავნილები კი ერთობლივ ბრიფინგზე გაახმოვანეს. ირაკლი ღარიბაშვილმა ვრცლად ისაუბრა საქართველოს მხრიდან 12 ევროპული რეკომენდაციის შესრულების შესახებ და აღნიშნა, რომ ქვეყანა წლის ბოლოს კანდიდატი ქვეყნის სტატუს დამსახურებულად ელის. მაღალი რანგის შეხვედრებზე მთავრი განსახილველი საკითხები არსებული გეოპოლიტიკური ვითარება, უსაფრთხოების გამოწვევები, ოკუპაცია და სამომავლო ეკონომიკური პროექტები იყო. ხორვატიის მთავრობის მეთაურმა ევროპულ გზაზე საქართველოს მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურა.

ამ წუთიდან ხორვატიასა და საქართველოს შორის ურთიერთობების ახალი ეტაპი დაიწყო. ზაგრებში წლების შემდეგ საქართველოს სალჩო გაიხსნა. დიპლომატიური მისიის გახსნის ცერემონიაში მონაწილეობა ორი ქვეყნის მთავრობების პირველმა პირებმა პირადად მიიღეს. გაკეთდა გზავნილები ევროპიდან და ევროპისთვის. ამ დრომდე ხორვატიის რესპუბლიკას საქართველო უნგრეთიდან ფარავდა.

ოფიციალური ზაგრები რომ საქართველოს ურყევი მხარდამჭერია ევროპულ და ევროინტეგრაციის გზაზე -ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ისაუბრა. ილია დარჩიაშვილმა პრემიერ-მინისტრის ვიზიტიც შეაჯამა და მას ისტორიული უწოდა.

კოლეგასთან შეხვედრას საქართველოს პრემიერ-მინისტრი მოგვიანებით სოციალურ ქსელშიც გამოეხმაურა, სადაც ირაკლი ღარიბაშვილმა ხორვატიის მთავრობას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. სოციალურ ქსელში საქართველოს მხარდამჭერი საპასუხო გზავნილები ჰქონდა ხორვატიის პრემიერ-მინისტრსაც.

ხორვატიისა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 30 წელი გადის. სწორედ ამ თარიღს დაუკავშირდა ზაგრებში ქართული დიპლომატიური მისიის გახსნაც და პრემიერის ვიზიტიც. 

 

 

 

დღის ამბები