26 ნოემბერი 2024,   08:50
ვრცლად
თუ ვინმე შარზეა, თუ ვინმე რაღაცას ვერ ეგუება, მისი პირადი პრობლემაა, სხვა ადამიანების პირადი კომფორტისთვის და პირადი პრობლემებისთვის ნამდვილად ვერ დავხარჯავ დროს - ლევან ხაბეიშვილი

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, პარტიის ყველა წევრს ჰქონდა ინფორმაცია დღევანდელი შეკრების შესახებ.

ლევან ხაბეიშვილმა ყურადღება გაამახვილა პლატფორმაში გიორგი მარგველაშვილის გაწევრიანების საკითხზე და აღნიშნა, რომ მასთან ამ საკითხთან დაკავშირებით კომუნიკაცია უკვე ჰქონდა და მოლაპარაკებები მომავალშიც გაგრძელდება.

"დღეს, ჩვენ ვხვდებით საკრებულოს წევრებს საქართველოს მასშტაბით. აბსოლუტურად ყველას ჰქონდა ეს ინფორმაცია. თუ ვინმე შარზეა, თუ ვინმე რაღაცას ვერ ეგუება, მისი პირადი პრობლემაა. სხვა ადამიანების პირადი კომფორტისთვის და პირადი პრობლემებისთვის ნამდვილად ვერ დავხარჯავ დროს. "ნაციონალური მოძრაობა“ არის ლიდერთა თანავარსკვლავედი და დღეს აქ რომ დგახართ, საკრებულოს გამარჯვებული მინიმუმ 60 წევრია და ყველა ვარსკვლავია.

ეჭვის არავის შეეპაროს, რომ ჩვენ კიდევ ვიზრუნებთ გაფართოებაზე და გაძლიერებაზე. ყველა ლიდერს დაველაპარაკებით, ასევე საუბარი გვაქვს და გვექნება გიორგი მარგველაშვილთან. მაქვს ხოლმე კომუნიკაცია, როგორ შეიძლება პრეზიდენტ მარგველაშვილთან კომუნიკაცია არ გქონდეს, რაიმე რჩევა არ ჰკითხო და მისი გონებრივი რესურსები არ გამოიყენო", - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

"სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, გიორგი მარგველაშვილთან არ უსაუბრია გაერთიანების საკითხზე. მისი თქმით, მთავარია ის ხედავდეს საკუთარ თავს ამ პლატფორმის ნაწილად.

"დაველაპარაკებით, ზრდასრული ხალხი ვართ. კარი ღიაა ყველასთვის, გახსნილია. მე ძალიან დიდი პატივს ვცემ პირადად გიორგი მარგველაშვილს, ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს და ხშირად მასთან ვყოფილვარ და მიკითხავს რჩევა და გამივლია კონსულტაცია. ამ საკითხთან მასთან არ მიმსჯელია, მთავარია თვითონ თუ ხედავს საკუთარ თავს ამ პლატფორმაზე, თორემ მე შეიძლება კიდევ ბევრს ვხედავ", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

დღის ამბები