საქართველოში საერთაშორისო მოგზაურებისა და საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რაოდენობა იზრდება. უცხოელი ვიზიტორები ყველაზე ხშირად სტუმრობენ ისტორიულ ქალაქებს, მათ შორის თბილისს, მცხეთას, სვანეთს, ქუთაისს. მოგზაურობენ შავი ზღვისპირეთში, კახეთში, ყაზბეგში, თუშეთში და სხვა მაღალმთიან რეგიონებში. ყველა ქალაქს თავის ღირსშესანიშნაობა აქვს. ხშირად კი ესა თუ ის ისტორიული ძეგლი, სავიზიტო ბარათად იქცევა.
ასეთია მეტეხის ციხე-გალავანი - ადგილი, რომელზეც თბილისის უსაფრთხოება საუკუნეების განმავლობაში იყო დამოკიდებული. თბილისს განაგებდა ის, ვინც ამ ადგილს დაიპყრობდა. მეტეხის ციხეს, როგორც საპყრობილეს სამი ხელისუფლება იყენებდა. მისი დანგრევა სურდათ კომუნისტებს და ვინც მათ ამაში შეეწინააღმდეგა, გასული საუკუნის 30-ანი წლების რეპრესიებს შეეწირა. დღეს ეს ტერიტორია დედაქალაქის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული ლოკაციაა.
საუკუნეების განმავლობაში ამ ადგილმა უამრავი შემოსევა, ბრძოლა და ნგრევა გადაიტანა. ციხეს ხან სპარსელები, ხან მონღოლები, ხან რუსები ეპატრონებოდნენ. ერეკლე მეფეს სპარსელებისგან გასათავისუფლებლად ამ ადგილის ზარბაზნებით დანგრევაც მოუწია, შემდეგ კი ყველაფერი თავიდან ააშენა და ეკლესიის კედელზე ამის შესახებ წარწერა დღემდეა შემორჩენილი.
ზოგადად, მეხუთე საუკუნიდან მოყოლებული მრავალჯერ აოხრებულ ამ ტერიტორიას ყოველთვის უბრუნებდნენ ძველ სიცოცხლეს. მტკვრის მარცხენა სანაპიროზე ეს იყო ერთადერთი საფორტიფიკაციო ნაგებობა, რომელიც თბილისს იცავდა.
ათწლეულების განმავლობაში ამ გალავნის შიგნით და ეკლესიის გარშემო ტერიტორიაზე არსებობდა ყველასათვის ცნობილი მეტეხის ციხე. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე დაცული ადგილი, საიდან გაქცევაც საკმაოდ რთული იყო.
ის ტერიტორია, სადაც საკნები იყო - დაკეტილია. იქ არავის უშვებენ. პატიმრების მიერ დატოვებული წარწერები კი მეტეხის ეკლესიაზე დღემდე არსებობს. იმ პერიოდში ეკლესია სწორედ ციხე-საპყრობილეს ტერიტორიაზე იდგა. სწორედ ამ ადგილის მთლიანად მიწასთან გასწორება და შემდეგ ხელოვნების მუზეუმის გახსნა სურდა ლავრენტი ბერიას, მაგრამ მას გამოუჩნდნენ მოწინააღმდეგეებიც, რომლებსაც სათავეში დიმიტრი შევარდნაძე ჩაუდგა. საბოლოოდ ის სწორედ ამას შეეწირა.
მეტეხის ისტორიაზე საათობით შეიძლება ლაპარაკი. უძველესი ეკლესიის, დარეჯანის სასახლის და იქ არსებული დედათა მონასტრის სანახავად ყოველდღიურად უამრავი ადამიანი დადის. ეს არის თბილისის ის ადგილი, რომელიც ყველა მისვლაზე ახალ ისტორიას გაგიცოცხლებთ.
ავტორი: გიორგი ქორქია