რუსეთის მიერ ოდესის პორტში მარცვლეულის საცავებზე განხორციელებული დარტყმის შემდგომ მარცვლეულის კრიზისის მოსალოდნელ საფრთხეზე იყო საუბარი ვოლოდიმირ ზელენსკისა და NATO-ს გენერალურ მდივანს შორის.
უკრაინის პრეზიდენტმა სატელეფონო საუბრისას იენს სტოლტენბერგს უკრაინა-NATO-ს საბჭოს დაუყოვნებლივ მოწვევის წინადადებით მიმართა, შავ ზღვაში რუსეთის აგრესიული ქმედებების გამო. განხილეს მარცვლეულის დერეფნის განბლოკვასა და მისი მდგრადი მუშაობის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული საკითხები.
"ვესაუბრე ნატოს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს. განხილვის თემა იმ შეთანხმებების განხორციელება იყო, რომელსაც ვილნიუსში, ალიანსის სამიტზე მივაღწიეთ. პრიორიტეტი უცვლელია: ეს არის ნატოში ყველაზე სწრაფი გაწევრიანება, როცა უსაფრთხოების პირობები ამის საშუალებას მოგვცემს. მხოლოდ ეს იქნება საიმედოდ გარანტირებული უსაფრთხოება და მშვიდობა მთელი ევროპისთვის. ასევე ვისაუბრეთ უსაფრთხოების ამჟამინდელ მდგომარეობაზე, კერძოდ, რუსეთის აგრესიულ ნაბიჯებზე შავ ზღვაში. ნებისმიერი დესტაბილიზაცია ამ რეგიონში და ჩვენი საექსპორტო მარშრუტების ჩაშლა ნიშნავს პრობლემებს მთელი მსოფლიოსთვის. ფასების კრიზისი შესაძლო შედეგებიდან მინიმალურია. ბატონ სტოლტენბერგთან განვიხილეთ ჩვენი ნაბიჯები მარცვლეულის დერეფნის განბლოკვასა და მისი მდგრადი მუშაობის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით. თანამშრომლობაში ჩვენ ახალ, უფრო მაღალ დონეზე გადავედით – ნატო-უკრაინის საბჭოს ეტაპზე და ამ მექანიზმმა შეიძლება, იმუშაოს. მივმართე იენსს ასეთი საბჭოს დაუყოვნებლივ მოწვევის წინადადებით. შეხვედრა რამდენიმე დღეში შედგება. ჩვენ შევძლებთ შავ ზღვაში უსაფრთხოების კრიზისის გადალახვას," - განაცხადა ზელენსკიმ.
ამასთან, რუსეთის მიერ ოდესაზე განხორციელებული თავდასხმების სერიას ეხმაურება უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი ოლექსი დანილოვი. მისი თქმით, კრემლის გეგმაა პირველ რიგში აფრიკის ქვეყნებისთვის შიმშილის საფრთხის ხელოვნური პირობების შექმნა და ევროპაში მიგრაციის რისკების გაზრდა. შეგახსენებთ მოსკოვი მარცვლეულის შეთანხმებიდან 17 ივლისს გავიდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ადრე განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც რუსეთი მარცვლეულის შეთანხმებიდან გავიდა, მოსკოვი შავ ზღვაში უკრაინის პორტებისკენ მიმავალ ყველა გემს განიხილავს სამხედრო ტვირთების პოტენციურ მატარებლად.