26 ნოემბერი 2024,   08:18
ვრცლად
რთველი 2023 და ახალი გადაწყვეტილებები - რქაწითელისა და კახური მწვანის ჯიშის ყურძენს მთავრობა 20 თეთრით დაასუბსიდირებს

კახეთში რთველისთვის უკვე ემზადებიან. მევენახეებისთვის წლევანდელი გამოწვევა უამინდობა იყო, ამიტომ შეგუებულები არიან, რომ მოსავლის ნაწილი დაზიანებული იქნება. მათთვის ახლა მნიშვნელოვანი ყურძნის დროულად დაკრეფა და მისაღები პირობებით გაყიდვაა.

რქაწითელსა და კახური მწვანის ჯიშის ყურძენს მთავრობა წელს 20 თეთრით დაასუბსიდირებს. 1 კილოგრამის ფასი მინიმუმ 90 თეთრი იქნება. ხელისუფლება მევენახეებს ჰპირდება, რომ ჩაუბარებელი ყურძენი არ დარჩებათ და ქარხნები დაზიანებულ მოსავალსაც მიიღებენ.

ყურძნის მისაღებად უკვე აქტიურად ემზადება ქარხნებიც. ღვინის მწარმოებლებს კარგად ესმით, რომ კლიმატური პირობების გათვალისწინებით, წელს ყურძნის ნაწილი, შესაძლოა, არასათანადო ხარისხის იყოს, თუმცა დაზიანებული მოსავლის გადასამუშავებლად მზად არიან. ამბობენ, რომ სუბსიდირების პროგრამა ღვინის რეალიზაციის ტემპის შესანარჩუნებლად განსაკუთებით მნიშვნელოვანია.

რთველის ორგანიზებულად ჩასატარებლად, მალე შესაბამისი შტაბი შეიქმნება. სოფლის მეურნების მინისტრის განმარტებით, ქართული ღვინის პოპულარიზაცია კვლავ მთავრობის პრიორიტეტია და სწორედ ამას ემსახურება სუბსიდირების პროგრამაც, რომელიც თანაბრად შეუწყობს ხელს მეწარმეებსაც და მევენახეებსაც.

სუბსიდირების პროგრამის გაგრძელებასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილება მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე მიიღეს. პრემიერ მინისტრთან რთველის ორგანიზებულად ჩატარების კონკრეტული ნაბიჯები განიხილეს. შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს ღვინის ექსპორტზეც. ოფიციალური ინფორმაციით, გასულ წელს მსოფლიოს 66 ქვეყანაში ექსპორტირებულია რეკორდული რაოდენობის - 103 მილიონი ლიტრი, 252 მილიონი დოლარის ღირებულების ღვინო.

 

დღის ამბები