ერთობა ოფიციალურად გაფორმებულია, თუმცა ბრძოლის სტრატეგია, გეგმა და ხედვა ჯერ გაურკვეველი - "გამარჯვების პლატფორმას" ამ დრომდე არც ხელმძღვანელი ჰყავს. როგორც ჩანს, ყველა დეტალის გავლას, დამტკიცებამდე, ნაციონალური მოძრაობა და სტრატეგია აღმაშენებელი მიხეილ სააკაშვილთან აპირებს. პარტიებში ამბობენ, რომ ლიდერის ასარჩევად ჯერ კონსულტაციებიც არ დაუწყიათ, შესაბამისად, უცნობია დაიკავებს თუ არა გაერთიანებული მოძრაობის ხელმძღვანელის პოსტს გიორგი ვაშაძე. ნაციონალურ მოძრაობაში ამბობენ, რომ სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერის შეხედულებები მათ მოსაზრებებთან თანხვედრაშია. როგორც გაირკვა, ვაშაძე თავად სააკაშვილს ვაშაძე მოსწონს,. ყოფილმა პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ სტრატეგია აღმაშენებლის თავმჯდომარის როლი ახალ გაერთიანებაში სასარგებლო და მნიშვნელოვანია.
მმართველი პარტია სტრატეგია აღმაშენებლის მხრიდან ხუთი ნომრის ქვეშ გაერთიანებას, მხოლოდ გარანტირებული მანდატების მოპოვების მიზნით ხსნის. სახელისუფლებო გუნდში ამბობენ, რომ 2024 წლის არჩევნებში ახალ მოძრაობას არანაირი პერსპექტივა არ ექნება.
"გამარჯვების პლატფორმა" ჯერ მხოლოდ სტრატეგია აღმაშენებელსა და ნაციონალურ მოძრაობას აერთიანებს. ამ ორი პარტიის წარმომადგენლების გარდა, გუშინდელ ღონისძიებას სხვა პოლიტიკური გაერთიანების წევრები არც დასწრებიან. მეტიც, პრეზენტაციამ ნიკა მელიასა მისი გუნდის გარეშეც კი ჩაიარა. ყოფილი თავმჯდომარის თანამოაზრეები ამბობენ, რომ პრესკონფერენციაზე მიწვეულები არ ყოფილან. ნაციონალური მოძრაობის ახალი მენეჯმენტი კი განმარტავს, რომ ერთობის სურვილის მქონე ყველა პოლიტიკოსისთვის მათი კარი ღიაა.
ვინ შეუერთდება "გამარჯვების პლატფორმას" უცნობია, მაგრამ უკვე ცნობილია ის პარტიები, რომლებიც ”ნაციონალურ მოძრაობასთან” გაერთიანებას გამორიცხავენ. მათ შორის, დროა და ზურაბ ჯაფარიძის გირჩი. სამეული, რომლის წევრი თავის დროზე "სტრატეგია აღმაშენებელიც" იყო, სწორედ გიორგი ვაშაძის პარტიის ”ნაციონალურ მოძრაობასთან” ერთობის გამო დაიშალა.
"ნაციონალურ მოძრაობასთან” თანამშრომლობას არც გიორგი გახარიას პარტია, გირჩი და ლელო აპირებს. მეტიც, ლელო ამბობს, რომ საკუთარი ალტერნატიული ცენტრის ჩამოყალიბებას გეგმას , რომელშიც ელოდება ყველას, ყველას გარდა მიხეილ სააკაშვილის პარტიისა.
”ქართული ოცნებისთვის” გამარჯვების პლატფორმა დამარცხების პლატფორმას ნიშნავს. სახელისუფლებო გუნდში მიაჩნიათ, რომ ოპოზიციის ერთობას არანაირი პერსპექტივა არ აქვს. გარდა ამისა, ამბობენ, რომ "სტრატეგია აღმაშენებელი“ რეალურად არც არასდროს ყოფილა "ნაციონალური მოძრაობისგან" გამოყოფილი და ის ყოველთვის ქვეყნის საზიანო საერთო გეგმით მოქმედებდა.
რა სტრატეგია ექნება ვაშაძე/ხაბეიშვილის ერთობას ჯერ უცნობია, უცნობია ისიც, ვის ვიხილავთ მათ გაერთიანებაში - ორივე პარტიაში ამბობენ, რომ კონსულტაციები სხვა პოლიტიკურ ჯგუფებთან უკვე მიმდინარეობს.a