26 ნოემბერი 2024,   08:30
ვრცლად
ტრანსნაციონალური დანაშაულისთვის განსასჯელთა სკამზე 2 ადვოკატი ზის - მძიმე დანაშაულში ბრალდებულმა დუმილი სასამართლო დარბაზში დაარღვია 

მძიმე დანაშაულში ბრალდებულმა დუმილი სასამართლო დარბაზში დაარღვია. პროფესიით ადვოკატი ზუსტად 17 წუთის განმავლობაში ცდილობდა, მოსამართლე საკუთარ უდანაშაულობაში დაერწმუნებინა. მანუჩარ ზოიძე ამტკიცებდა, რომ ნარკორეალიზაციის საქმესთან კავშირი არ აქვს. თუმცა თქვა ისიც, რომ ტრანსნაციონალური დანაშაულის სათავეში მყოფ ნარი კაჯაევს, იგივე ხათუნას, კარგად იცნობს. მეტიც, მას და საქმეში ბრალდებულ სხვა არაერთ პირს იურიდიულ მომსახურებასაც უწევდა.

მანუჩარ ზოიძის გვერდით, საბრალდებო სკამზე, მისი კოლეგაც აღმოჩნდა. ნარკორეალიზაციის საქმეში ბრალდებული კიდევ ერთი პირი მოქმედი ადვოკატი ასლან ფუტკარაძეა. იურისტმა დანაშაულთან რაიმე ფორმით კავშირი სრულიად უარყო. მოსამართლეს კი, უდანაშაულობის დამადასტურებელი მტკიცებულებების მომდევნო სხდომაზე წარდგენას დაჰპირდა.

დაკავებულები არიან უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც. მათ შორის, მეზობელი ქვეყნიდანაც. ქართველი იურისტების გვერდით მეჰმეთ ჩითლაქი იჯდა. დანაშაულს არც თურქეთის მოქალაქე აღიარებს. მეტიც, ამბობს, რომ სამართალდამცავებმა მას ნარკოტიკები დაკავების მომენტში ჩაუდეს.

დღეს საქალაქო სასამართლოში საბრალდებო სკამზე სამი პირი იჯდა, თუმცა მოსამართლემ აღკვეთი ღონისძიება დამატებით კიდევ სამ ძებნილ პირს შეუფარდა. ადვოკატები გირაოს ითხოვდნენ. შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა.

მოსამართლემ სახელმწიფო ბრალდების შუამდგომლობა გაითვალისწინა და დაადგინა, რომ დაკავებულების გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შემთხვევაში, დანაშაულის გამეორების, მტკიცებულებების გაყალბებისა და მიმალვის საფრთხე არსებობდა. ამიტომ თამარ მჭედლიშვილმა ყველა მათგანი პატიმრობაში დატოვა.

ორგანიზებული დანაშაულის საქმეზე სულ 22 პირია ბრალდებული. მათ შორის სამი ქვეყნის - საქართველოს, ბულგარეთისა და თურქეთის მოქალაქეები არიან.

დღის ამბები