პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილის გიორგი ცაგარეიშვილის განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობისა" და "სტრატეგია აღმაშენებლის" გაერთიანებას შანსები არ აქვს. ის არ გამორიცხავს, რომ ეს გაერთიანება დაიშალოს.
"ამ ორ გაერთიანებას არავითარი შანსი არ ექნება. მაინტერესებს, სადღაც ერთი წლის უკან შეიქმნა ჯაფარიძე-ხოშტარია-ვაშაძის გაერთიანება. ჯერ ის გაერთიანება არ შექმნილა, არც დაშლილა ისე მიატოვა ვაშაძემ ის გაერთიანება და რაღაც ახალ გაერთიანებას ჩაუყარა საფუძველი. მე არ გამოვრიცხავ გუშინდელი გაერთიანებაც დაიშალოს. ჩვენი კანონმდებლობით, ბლოკები არის აკრძალული. მოდით, დავარქვათ ყველაფერს თავის სახელი - ბატონი ვაშაძე მიეახლა ბატონ სააკაშვილს, ჩაუვარდა მას ფეხებში, სთხოვა მას სიაში სამი ადგილი, ამ სამ ადგილს ის მიიღებს და ჩაეწერება "ნაციონალური მოძრაობის" სიაში. არავითარი გაერთიანება გუშინ არ შემდგარა. თუ ბატონმა ვაშაძემ რომელიღაც სასტუმროში თავის ორ კოლეგასთან ერთად რთულად, მაგრამ მაინც მიიტანა თავისი ტრიბუნა და იქ დადგა სცენაზე, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ მივიღეთ ბლოკი," - აცხადებს გიორგი ცაგარეიშვილი.
შეგახსენებთ, რომ ახალი პოლიტიკური გაერთიანების პრეზენტაცია გუშინ ჩატარდა, სადაც ნაციონალურმა მოძრაობამ და სტრატეგია აღმაშენებელმა ერთობის შესახებ განაცხადეს.