ჯანდაცვის უწყების რეგულირების სააგენტომ ეპილეფსიის სამკურნალო პრეპარატზე, სავარაუდო ხელოვნური დეფიციტის შექმნის ფაქტები გამოავლინა. სააფთიაქო ქსელები შეთანხმდნენ პრეპარატი "დეპაკინი ხრონო", რომელიც სხვადასხვა ტიპის ეპილეფსიის სამკურნალოდ ბავშვებსა და მოზრდილებში გამოიყენება, გასაყიდად სპეციალურად არ გამოეტანათ.
მოქალაქეები, რომლებსაც საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში წამალი უფასოდ ეკუთვნით, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან პრეპარატს ვერ შოულობდნენ. მშობლები "კურიერთან" ინტერვიუშიც იმეორებენ, რომ ეპილეფსიის სამკურნალო მედიკამენტს ბოლო 3 დღეა ყველა დიდ სააფთიაქო ქსელში ეძებდნენ, თუმცა არსად ფიქსირდებოდა.
ეპილეფსიის სამკურნალო პრეპარატზე, სავარაუდო ხელოვნური დეფიციტის შექმნის ფაქტები ჯანდაცვის სამინისტრომ გამოავლინა. რეგულირების სააგენტომ დაადგინა, რომ დეპაკინი კომპანიებს მარაგში აქვთ, თუმცა, სააფთიაქო ქსელებში არ ხდებოდა მათი რეალიზაცია. მოქმედი კანონმდებლობით მსგავსი ტიპის დარღვევა, გაფრთხილებასა და 5000-ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს. სააგენტომ სამართალდარღვევის ოქმები უკვე შეადგინა და სასამართლოს გადაუგზავნა.
3 დიდ მსხვილ ფარმაცევტულ ქსელში ეპილეფსიის სამკურნალო მედიკამენტის ამოწურვა კითხვის ნიშნებს უჩენს კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელს. ირაკლი ლექვინაძეს აინტერესებს კომპანიების მხრიდან ახლაც აქვს თუ არა ადგილი არაკეთილსინდისიერ ქმედებებს. სააგენტომ ფაქტის შესწავლა უკვე დაიწყო.
ჯანდაცვის სამინისტრო ფარმაცევტული კომპანიების მხრიდან არაკეთილსინდისიერი ქმედების ფაქტი ადრეც გამოავლინა. თავდაპირველად რეფერენტული ფასების ამოქმედების შემდეგ, კომპანიების ნაწილმა, თურქეთიდან იმპორტირებულ წამლებზე ფასები ხელოვნურად გაზარდეს და ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან შემოტანილ, იგივე დასახელების მედიკამენტების ღირებულებას გაუთანაბრეს. შემდეგ ონკოლოგიური დანიშნულების ძვირადღირებულ, ერთი და იგივე დასახელების მედიკამენტზე ფასი მნიშვნელოვნად გაზარდეს . მთავრობამ კანონმდებლობა შეცვლა და 1600 ზე მეტ წამალს ზღვრული ფასი დაუწესა.