26 ნოემბერი 2024,   09:40
ვრცლად
როგორ მუშაობენ მიხეილ სააკაშვილის ლობისტები და რა ზიანი ადგება საქართველოს

პატიმარი ექს-პრეზიდენტის ლობისტების მიერ შემუშავებული ტექსტი ევროპარლამენტმა მიმდინარე წლის 2 მარტს რეზოლუციის სახით მიიღო, რომელშიც ევრო დეპუტატები, რამდენიმე დანაშაულისთვის მსჯავრდადებული სააკაშვილის განთავისუფლებას ითხოვდნენ.

ევროპარლამენტი კვლავ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, გაათავისუფლოს მიხეილ სააკაშვილი და მისცეს მას უცხოეთში მკურნალობის გაგრძელების შესაძლებლობა, ჰუმანიტარულ საფუძველზე და პოლიტიკური პოლარიზაციის შესამცირებლად. სააკაშვილთან მოპყრობა ლაკმუსის ტესტია იმის შესამოწმებლად, თუ რამდენად ერთგულია საქართველოს ხელისუფლება ევროპული ღირებულებების და ევროპისკენ მის მიერ გაცხადებული სწრაფვის. მათ შორის, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებისთვის.  

"სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება" და "საპატიმროში არაადამიანური მოპყრობა" - ამ ჰედლაინებით სტატიების დასავლურ მედიაში გავრცელება ლობისტების კიდევ ერთ ძირითად ამოცანას წარმოადგენდა. მისიის ფარგლებში საზოგადოებამ ექს-პრეზიდენტის ადვოკატის ინტერვიუ "სიენენზეც" იხილა.

ალასანია-სააკაშვილის მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანია "აკერმანის" მიერ მომზადებული რეზოლუცია, ლობისტებმა "სქაი ნიუსზე" ევროპელი პოლიტიკოსების პოზიციად გააჟღერეს, სადაც ტელეწამყვანმა მათზე დაყრდნობით თქვა, რომ საქართველოს საგარეო ვექტორი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა.

"სააკაშვილის მომავალს ყურადღებით აკვირდებიან დასავლეთში, როგორც კიდევ ერთ მკაფიო ნიშანს საქართველოს საგარეო კურსის მიმართულებით. ევროპარლამენტი ამბობს, რომ ის უნდა გაათავისუფლონ და შეიწყალონ", - განაცხადა ჟურნალისტმა დომენიკ ვაგჰორნიმ.

მიხეილ სააკაშვილის მოწამვლასა და გაუარესებულ ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, სტრასბურგის სასამართლოს საპირისპირო გადაწყვეტილების მიღებამდე, ლობისტებმა შეკვეთილი სტატია "ბიბისიზეც" გაავრცელეს, შესაფერისი სათაურით.

"მსოფლიო ლიდერები საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვენ, მას შემდეგ რაც ის სასამართლო სხდომაზე დასუსტებული გამოჩნდა. პატიმრობის შემდეგ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესდა და ის ამტკიცებს, რომ ხელისუფლებამ მოწამლა", - აღნიშნავს BBC.

კომპანიამ შეერთებულ შტატებში განწყობების შესაცვლელად ადგილობრივი ექსპერტებიც გამოიყენა. საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩის იან კელისა და დევიდ კრამერის ერთობლივი სტატია გამოქვეყნდა "ბულ-ვარქზე" სათაურით - "პუტინი მარცხდება უკრაინაში, მაგრამ იმარჯვებს საქართველოში".

"ქართულმა ოცნებამ" აწარმოა დევნისა და დემონიზაციის კამპანია ქვეყნის ოპოზიციის ლიდერების, განსაკუთრებით ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ. მიხეილ სააკაშვილი, რომელიც გასულ შემოდგომაზე უკრაინიდან საქართველოში დაბრუნების შემდეგ დააპატიმრეს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა და მას ციხეში ცუდად ეპყრობიან", - ვკითხულობთ " ბულ ვარქიში".

ლობისტებმა და სააკაშვილის ადვოკატებმა ნიუ-იორკში სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრაც სცადეს. მოთხოვნა ექსპრეზიდენტის შეწყალება უნდა ყოფილიყო. ფაქტს მოქმედი პრეზიდენტის ადმინისტრაციაც ადასტურებს, თუმცა განმარტავს, რომ ზურაბიშვილთან აუდიენცია არ შემდგარა.

"აშშ-ში საქართველოს პრეზიდენტის სამუშაო ვიზიტისას, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, მასიმო დი ანჯელოს მხრიდან იყო პრეზიდენტთან დაკავშირების მცდელობა, რათა გამართულიყო შეხვედრა. ეს თხოვნა არ დაკმაყოფილდა", - განაცხადეს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.

კომპანია აკერმანს, სააკაშვილების ოჯახი უკვე თითქმის ერთი წელია ქირაობს. ლობისტური საქმიანობისთვის ექს-პრეზიდენტის გარემოცვას ასეულობით ათასი დოლარი უკვე გადახდილი აქვს, მათ შორის ნაწილი ნაღდი ანგარიშსწორებით.

დღის ამბები