26 ნოემბერი 2024,   09:30
ვრცლად
სამების საკათედრო ტაძარში, ოკუპირებულ აფხაზეთში საომარი მოქმედებების დროს დაღუპულთა სამოქალაქო პანაშვიდს პარლამენტის თავმჯდომარე და სახელმწიფო მინისტრი დაესწრნენ

სამების საკათედრო ტაძარში, 1990-იანი წლებში, ოკუპირებულ აფხაზეთში საომარი მოქმედებების დროს დაღუპულთა სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს. წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტისა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო აპარატის ერთობლივი ძალისხმევით, აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან, შეიარაღებული მოქმედებების დროს დაღუპული 13 იდენტიფიცირებული პირის ნეშტები გადმოასვენეს.

სამოქალაქო პანაშვიდზე პარლამენტის თავმჯდომარე დეპუტატებთან ერთად იმყოფებოდა.

"ეს დღე აცოცხლებს იმ მოგონებებს, რომელიც ჩვენ გვაკავშირებს ომთან და გვაფიქრებს კიდევ ერთხელ იმაზე თუ რა მნიშვნელობა აქვს ჩვენი სახელმწიფოს დაცვას, მის სუვერენიტეტს, მის ტერიტორიულ მთლიანობას. ადამიანებმა ამ იდეისთვის გაიღეს საკუთარი სიცოცხლე. ჩვენი, ამ თაობის ვალია დავაფასოთ ეს სისხლი და უზრუნველვყოთ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა," - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმაც.

"90-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების და 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად, უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების მოძიების, იდენტიფიცირების და ოჯახებისთვის დაბრუნების პროგრამა არის ჩვენი სახელმწიფო პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელსაც წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მხარდაჭერით, ჩვენ კიდევ უფრო გავაძლიერებთ და რა თქმა უნდა, განვაგრძობთ, მათ შორის, სახელმწიფო უწყებების როლის და მნიშვნელობის გაზრდის გზით. ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს გაურკვევლობა, ამ ხანგრძლივი მოლოდინის დასასრული, მცირედ ნუგეშს მაინც მიანიჭებს ამ ოჯახებს. ჩვენი მხრივ, საქართველოს მთავრობა გაერთიანებული ძალისხმევით, კოორდინირებული მოქმედებებით, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მსგავსი ტრაგედიები აღარ განმეორდეს ჩვენ ქვეყანაში, ხოლო ის რაც დღეს გვაქვს სახეზე, ამ ომის მძიმე შედეგები, მოგვარდეს მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობით, ნდობის აღდგენით და შერიგებით,"- განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა.

დღის ამბები