პოლიციამ იმერეთში ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ფაქტზე 3 პირი დააკავა. გამოძიების ინფორმაციით, წარსულში ნასამართლევი პირები, კრიმინალური ავტორიტეტები და ორი სხვადასხვა "კანონიერი ქურდის" ოჯახების წევრები არიან.
გამოძიების ინფორმაციით, წარსულში არსებული უთანხმოების ნიადაგზე, ბრალდებულები მოქალაქისგან 1000 დოლარის გადახდას ითხოვდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჯანმრთელობის დაზიანებით და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ. დანაშაულები 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
როგორც ერთ-ერთი დაკავებულის ბესარიონ დარბაიძის ძმამ, გრიგოლ დარბაიძემ განაცხადა, მისი ძმა დამნაშავე არ არის და აღნიშნულ საქმესთან კავშირი არ აქვს.
"წაუკითხეს რაღაც მუხლები და ბრალი, მე სხვა არაფერი არ ვიცი. მას არც ხელი მოუწერია და არაფერი იმიტომ, რომ არ აღიარებს, რადგან არაფერ შუაშია. ადვოკატს ველოდებიო, ხვალისთვის არის აღმკვეთის ღონისძიება დანიშნული. მე ვიცნობ ჩემს ძმას, არაფერი მსგავსი არ ყოფილა, ყველაფერი ტყუილია. ვისაც გინდათ კითხეთ, ჩემი ძმა ეგეთი პიროვნება არ არის, რომ ვიღაცას მიადგეს და მსგავს საკითხზე დაუწყოს ლაპარაკი", - განაცხადა ბესარიონ დარბაიძის ძმამ, გრიგოლ დარბაიძემ.