26 ნოემბერი 2024,   09:48
ვრცლად
არ შეიძლება პოლიტიკურ ინსტრუმენტად აქციო ისეთი რამ, რაც, საბოლოო ჯამში, აზიანებს ამ ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს - ბექა ლილუაშვილი

მიხეილ სააკაშვილის ლობისტების შესახებ, შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის გვერდზე მორიგი დოკუმენტის ატვირთვასთან დაკავშირებით, გამოხმაურებები გრძელდება. ოპოზიციური პარტიების ნაწილი ამბობს, რომ მსგავსი მეთოდებით ქვეყნის იმიჯის დაზიანება დაუშვებელია. 

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "საქართველოსთვის" თავმჯდომარე, ბექა ლილუაშვილი ამბობს, რომ  მავნებლობაა, როდესაც ლობისტური კამპანია ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ არის მიმართული. 

"ყველა, ვინც მოწადინებულია, რომ ქვეყანა დასანქცირდეს ესეც ასევე არის მავნებლობა. იმიტომ, რომ არ შეიძლება პოლიტიკურ ინსტრუმენტად აქციო ისეთი რამ, რაც საბოლოო ჯამში აზიანებს ამ ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს", - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.  

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" წევრი, ანა ნაცვლიშვილი ამბობს, რომ კითხვა გაუჩნდა, რატომ არ აქვს სურვილი მმართველ პარტიას იმუშაოს ლობისტურ კომპანიებთან და ამით სახელმწიფოს ინტერესები დაიცვას. 

"თუ ფიქრობენ, რომ რომელიმე მათი ოპონენტი ლობისტური კომპანიების დახმარებით ახერხებს საკუთარი ინტერესების დაცვას, მე მიჩნდება კითხვა - საქართველოს ხელისუფლებას რატომ არ აქვს სურვილი, რომ იგივე ლობისტური კომპანიების მეშვეობით თუ სხვა მექანიზმებით, რომელიც სახელმწიფოს ხელში გაცილებით ბევრია, მოახმაროს სახელმწიფო ინტერესების დაცვას", - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

საკითხთან დაკავშირებით შეფასება გააკეთა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”გირჩი” წევრმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა. 

"დიპლომატებთან, ევროპარლამენტარებთან მუშაობა ძალიან რთული პროცესია და ბევრ რაღაცას მოიცავს. ჩვენი დეპუტატები, რომ ხვდებიან ევროპარლამენტარებს და ესაუბრებიან ესეც ხომ გავლენას ახდენს და ყოველდღიური კომუნიკაცია მიმდინარეობს მე როგორც ვიცი. ამიტომ ეს ლობიზმის ნაწილი, რომელიც დოკუმენტებიდან ჩანს, ძალიან პატარა და ვიწრო მხარეა ამ ყველაფრის", - განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.

 

დღის ამბები