26 ნოემბერი 2024,   09:40
ვრცლად
პორტებში, რომელსაც თავს დაესხნენ, დაახლოებით, მილიონი ტონა საკვები ინახება, რომელიც უნდა მიეწოდებინათ აფრიკისა და აზიის ქვეყნებისთვის - ზელენსკი

18 ადამიანი მათ შორის 5 ბავშვი დაშავდა ღამით მიკოლაივის ცენტრზე რუსული მხარის იერიშის შედეგად. სახლის ნანგრევებიდან მაშველებმა ცოცხლად 2 ადამიანი ამოიყვანეს. მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია დაღუპულების შესახებაც, თუმცა, ეს ინფორმაცია ოფიციალურად არ დადასტურებულა. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ქალაქის ცენტრში დაზიანებული და ნაწილობრივ დანგრეულია 5 სახლი. იყო ძლიერი ხანძარიც.

ხანძარი და ნგრევა მოჰყვა ღამით რუსული ძალების იერიშს ოდესაზეც. ოკუპანტებმა უკრაინის საპორტო ქალაქს კიდევ ერთხელ შეუტიეს. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების ცნობით, დაშავდა ორი ადამიანი. ეს უკვე ზედიზედ მესამე ღამეა, რაც რუსეთი ოდესას თავს ესხმის.

უკრაინის პორტებზე თავდასხმები მოსკოვმა შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმების დატოვებიდან რამდენიმე საათში განსაკუთრებით გააქტიურა. დღეიდან კი რუსეთი "სამხედრო დანიშნულების ტვირთების პოტენციურ გადამტანებად" ოფიციალურად აცხადებს ყველა გემს, რომელიც შავი ზღვის აკვატორიაში უკრაინის პორტებისკენ გაემართება.

ოდესაზე თავდასხმას "ტვიტერზე" გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი.

"პორტებში, რომელსაც თავს დაესხნენ, დაახლოებით მილიონი ტონა საკვები ინახება - ეს არის ის მოცულობა, რომელიც დიდი ხნის წინ უნდა მიეწოდებინათ აფრიკისა და აზიის ქვეყნებისთვის. რუსული ტერორისგან ყველა ზარალდება," - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.

დღის ამბები