26 ნოემბერი 2024,   08:19
ვრცლად
ძალიან ინტენსიური და მჭიდრო კავშირები გვაქვს "სტრატეგია აღმაშენებელთან" - დავით კირკიტაძე

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, დავით კირკიტაძემ "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა, რომ "გამარჯვების პლატფორმას" შეუერთდებიან არამხოლოდ პოლიტიკოსები და პარტიები, არამედ თავის საქმის პროფესიონალი ადამიანებიც. ამასთან, "ღამის კურიერში" დავით კირკიტაძემ დაადასტურა, რომ "ნაციონალური მოძრაობის" გამარჯვების პლატფორმას უერთდება გიორგი ვაშაძე და "სტრატეგია აღმაშენებელი"

მისივე განცხადებით, კვლევებით დასტურდება, რომ პოლიტიკური პარტიები საზოგადოების მოთხოვნებს ვერ პასუხობენ.

"ჩვენთვის მნიშვნელოვანია ის, რომ შეიქმნას გამარჯვების ფორმულა და პლატფორმა, რომელიც მისცემს საშუალებას არამხოლოდ დღეს მოქმედ პოლიტიკურ ძალებს და პოლიტიკოსებს, რომლებიც აქტიურად ჩანან ეკრანიდან, რომ მათ მიიღონ ქვეყნის ამ მძიმე ვითარებიდან გამოყვანაში მონაწილეობა, მისცემს საშუალებას ყველა თაობის პროფესიონალ ადამიანს, რომ იყოს ჩართული ქვეყნის მძიმე ვითარებიდან გამოყვანაში - ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ ზედმეტად ვაქცენტირდებით ხოლმე პოლიტიკურ პარტიებზე და პოლიტიკურ პარტიებს, როგორც აბსოლუტურად ყველა კვლევა გვიჩვენებს, ვერ გადმოაქვთ ეფექტურად ის, რისი მოთხოვნაც აქვს საზოგადოებას. 

"სტრატეგია აღმაშენებელი" იქნება ჩვენთან ერთად, გიდასტურებთ. ამასთან, ვისურვებთ, რომ პროდასავლური პოლიტიკური ჯგუფები და პარტიები კიდევ უფრო გამსხვილდნენ და გაძლიერდნენ, რათა არ განმეორდეს იგივე შეცდომა, რაც მოხდა თავის დროზე და არ მოხდეს ისე, რომ ბარიერ გადაულახავი ქართული პარტიების ფონზე, "ქართულმა ოცნებამ" არ მოახერხოს მანიპულირებით რაღაცა სახის უმრავლესობის შეკვრა. ამიტომ, კონსოლიდაცია მნიშვნელოვანია.

ჩვენი ამოცანა არის, რომ ხელისუფლება, რომელმაც ამ მძიმე ვითარებაში მიიყვანა ქვეყანა, რომელიც ყოველდღიურად გვაკარგვინებს ევროპულ პერსპექტივას, რომელიც ხელს უყოფს ჯიბეში პენსიონერებს და აცლის ჯიბიდან უკანასკნელ თეთრებს, ხელისუფლება, რომელმაც გააქცია უამრავი ადამიანი ჩვენი ქვეყნიდან, გავუშვათ, გადავიყვანოთ ოპოზიციაში. ამისთვის საჭიროა რამდენიმე ძლიერი ოპოზიციური ცენტრი. ამისთვის არ არის საჭირო დაქუცმაცება, არამედ გაერთიანებები, კონსოლიდირება.

"ნაციონალური მოძრაობის" დიდი ხნის ისტორიის მანძილზე ჩვენ გვახსოვს არაერთი წასვლა და მოსვლა, არაერთი დემარშიც და ეს იყო ძალიან ცუდი. ახლა არ არის დრო დემარშის, ურთიერთქიშპობის, ახლა არის დრო ერთობის, ერთიანობის და ამ პლატფორმაზე ყველას ექნება საშუალება, რომ თავისი შესაძლებლობის რეალიზება მოახდინოს,"- განაცხადა დავით კირკიტაძემ.

კითხვაზე, იქნება თუ არა "ნაციონალური მოძრაობის" პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი გიორგი ვაშაძე, დავით კირკიტაძემ უპასუხა, რომ ამ საკითხზე საუბარი ნაადრევია, თუმცა ადასტურებს, რომ ყველაზე მჭიდრო კომუნიკაცია "სტრატეგია აღმაშენებელთან" აქვთ. 

"პრემიერობის ნაწილზე, პირდაპირ და ღიად შემიძლია გითხრათ, რომ ამაზე საუბარი არ არის, არც სიის პირველ ნომერზე არაა საუბარი და იცით რატომ? იმიტომ კი არა, რომ ეს ასე არ იქნება ან შეიძლება ასე არ მოხდეს, იმიტომ, რომ ამაზე საუბარი ძალიან ადრეა. რაც შეეხება გამარჯვების პლატფორმას, უკვე გაცხადებული გვაქვს, რომ ძალიან ინტენსიური და მჭიდრო კავშირები გვაქვს "სტრატეგია აღმაშენებელთან", ძალიან მალე იქნება.

გიორგი ვაშაძის როლი, ისევე, როგორც ბევრი სხვა ადამიანის, იქნება ძალიან მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი, რადგან გიორგი აქტიური ადამიანია, გამოცდილი პოლიტიკოსია, მას კონკრეტული სასიკეთო საქმეები აქვს ამ ქვეყნისთვის გაკეთებული და ვისურვებდი, მას ჰქონდეს შესაძლებლობა, რომ ეს საქმეები კიდევ ბევრჯერ, მრავალჯერ გააკეთოს ჩვენი ქვეყნისა და ხალხის სასიკეთოდ. "გამარჯვების პლატფორმაში" ყველაზე მჭიდრო და დაახლოებული პოზიციები ჯერ გვაქვს ჩვენ და მეტსაც გეტყვით - ბევრ საინტერესო, პროფესიონალ ადამიანთან, რომელსაც ძალიან მალე იხილავთ ამ პლატფორმაში," - განაცხადა დავით კირკიტაძემ.

დღის ამბები