ვითარება უკრაინაში - ოკუპირებული ყირიმიდან საოკუპაციო ძალამ ოდესას გვიან ღამით შეუტია. "კალიბრის" ტიპის ფრთოსანი რაკეტების სამიზნე უკრაინის საპორტო ქალაქის სამოქალაქო ინფრასტრუქტურა იყო. აფეთქებულია რამდენიმე კომერციული ობიექტი, კრიტიკულად დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსი. დაშავდა 13 მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის, ერთი მცირეწლოვანი. მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა ოდესის პორტს. აგრესორის მიერ ნასროლი ერთ-ერთი რაკეტა ქალაქის სიახლოვეს მდებარე პიროტექნიკის საწყობს მოხვდა.
ოკუპანტის ღამის იერიშს გამოეხმაურა ვოლოდიმირ ზელენსკი. უკრაინის პრეზიდენტი დღეს ირლანდიის მთავრობის მეთაურს მასპინძლობდა. ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებთან ერთად, ლეო ვარადკარმა განაცხადა, რომ უახლოეს პერიოდში დაიწყება გამოძიება, რომლის მიზანია დადგინდეს, თუ როგორ მოხვდა რუსეთის მიერ გაშვებულ კამიკაძე-დრონებში ირლანდიაში წარმოებული ნაწილები.
საჰაერო განგაში იყო გამოცხადებული ზაპოროჟიეს, ხარკოვის და ხერსონის ოლქებშიც. 23 უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს უკრაინელმა სამხედროებმა დედაქალაქის თავზე. თავდასხმას მსხვერპლი და ნგრევა არ მოჰყოლია.
აგრესორის მიერ სამშვიდობო ინფრასტრუქტურაზე განხორციელებულ კომბინირებულ საჰაერო შეტევას პასუხი მალევე მოჰყვა. უკრაინელმა სამხედროებმა ყირიმის მისამართით გახსნეს ცეცხლი. შედეგად, აფეთქებულია რუსული არმიის საბრძოლო მასალის საწყობი. ცეცხლი გაუხსნეს აგრესორის ცოცხალი ძალის კონცენტრაციის რამდენიმე ზონას. დე-ფაქტო ხელისუფლებამ 4 დასახლების ევაკუაცია დაიწყო.
შეტევა ფრონტის მთელ ხაზზე გრძელდება. უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში, უკრაინელმა სამხედროებმა 470 ოკუპანტი მოკლეს. აფეთქებულია 50 უპილოტო საფრენი აპარატი, ასევე, განადგურებულია საოკუპაციო ძალის კუთვნილი 31 საარტილერიო სისტემა და 4 ტანკი.
უკრაინის წინსვლას ბელარუსიდან ადასტურებს ევგენი პრიგოჟინი. ინტერნეტში ვრცელდება ვიდეო, სადაც "ვაგნერის" მეთაური მის დაქირავებულ დაჯგუფებას მიმართავს. პრიგოჟინი უკრაინაში მიმდინარე ომს სირცხვილს უწოდებს, რომელში მონაწილეობაც არ სურს. პრიგოჟინი ამბობს, რომ ბელარუს ჯარისკაცებს გაწვრთნის და მათ მსოფლიოში მეორე ძალად აქცევს.