მესამე დღეა საბერძნეთში ცეცხლის ჩაქრობას უშედეგოდ ცდილობენ, ძლიერი ქარის გამო ათენის ჩრდილო-დასავლეთში ახალი კერები ჩნდება. ხანძარია კუნძულ როდოსზეც. ცეცხლმა სახლები, მანქანები და ინფრასტრუქტურა გაანადგურა. 65 წლის აბრამი, ერთ-ერთია იმ დაზარებულებს შორის, რომლებსაც ხანძარმა ყველაფერი წაართვა.
სტიქიის ზონიდან უკვე ასობით ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. ცეცხლის ჩასაქრობად, მეხანძრეები მობილიზებული არიან რუმინეთიდან, პოლონეთიდან, სლოვაკეთიდან, იტალიიდან და საფრანგეთიდან. ხანძრის გარდა, ქვეყანაში რეკორდული ტემპერატურა ფიქსირდება. მთავრობის განკარგულებით ქუჩებში ცივ წყალს არიგებენ და მოსახლეობას სპეციალურ ინსტრუქციებს აძლევენ.
ტყის ხანძრები მძვინვარებს მეზობელ თურქეთშიც. სტიქიის ზონაა მუღლას პროვინცია. ძლიერი ხანძრის გამო, ერთი სოფელი სრულად ევაკუირებულია. მობილიზებულია როგორც სახმელეთო, ისე საჰაერო სამაშველო სამსახურები. რთული ვითარებაა ჩანაქკალეში. ძლიერი ქარის გამო, დიდია რისკი, რომ ცეცხლი ტყის მასივიდან დასახლებულ რაიონებზეც გავრცელდეს.
ხანძრის ჩაქრობას ვერ ახერხებენ ესპანეთში. ცეცხლის კერები გავრცელებულია ლა პალმაზე. სტიქია მძვინვარებს ხორვატიაშიც, სადაც ცეცხლი დასახელებულ ტერიტორიებზეც გავრცელდა.
ხანძრის გარდა, ევროპის კონტინენტზე ჰაერის რეკორდულად მაღალ ტემპერატურასთანაც უწევთ გამკლავება. ჩეხეთში ძლიერი სიცხეა - ტემპერატურა 37 გრადუსს სცდება. იტალიის 16 ქალაქში კი, განგაშის წითელი დონეა გამოცხადებული. მათ შორის რომში, ფლორენციასა და ბოლონიაში. იტალიაში მოსახლეობას აფრთხილებენ, რომ მზის სინათლეს შუადღის 11-ტდან საღამოს 6 საათის შუალედში მოერიდონ. საავადმყოფოებში სიცხესთან დაკავშირებული მიმართვიანობა მნიშვნელოვნად გაიზარდა .კონცერტზე მისული მაყურებლებს კი, ქუჩაში რიგში დგომისას წყლით აგრილებენ. რომში სტაბილურად 43 გრადუსი ფიქსირდება, სარდინიაში კი ჰაერის ტემპერატურა 47 გრადუსს აჭარბებს.
ძლიერი სიცხის გამო, ხანძარია შვეიცარიაშიც. ევაკუირებულია ასობით ადამიანი. ხანძარს ებრძვიან შეერთებულ შტატებსა და კანადაშიც. მხოლოდ კანადაში ცეცხლის 200-ზე მეტი აქტიური კერაა. მსოფლიო მეტეოროლოგიურ ორგანიზაციაში აცხადებენ რომ რეკორდული სიცხე მსოფლიოში გულის შეტევისა და სიკვდილიანობის რისკს გაზრდის.