26 ნოემბერი 2024,   08:17
ვრცლად
ლევან ხაბეიშვილის გამარჯვების ფორმულას, რასაც ენმ-სთან ერთად ბრძოლაში მოიაზრებს, ჯერ მხოლოდ გიორგი ვაშაძე დათანხმდა - რისთვის სჭირდება "სტრატეგია აღმაშენებელს" ნომერი 5

პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი დარწმუნებულია, რომ ოპოზიციის წარმატების გზა "ნაციონალურ მოძრაობაზე" გადის. გამარჯვების პლატფორმა - აქ მოიაზრებს ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციის ერთობას და პარტიებთან კონსულტაციებს იწყებს, თუმცა ამ დრომდე გაერთიანებაზე მხოლოდ "სტრატეგია აღმაშენებელი" დაითანხმა. გიორგი ვაშაძის გუნდში ამბობენ, რომ არჩევნებში გამარჯვების მიზანი პარტიულ იდენტობაზე უპირატესია.

პარტიების უმრავლესობისთვის სწორი გზა დამოუკიდებელი პოლიტიკური თამაშია. "სტრატეგია აღმაშენებლისგან" განსხვავებით, არც "გირჩი" და არც გახარიას გუნდი საკუთარ ადგილს დაანონსებულ გამარჯვების პლატფორმაში ვერ ხედავს. ისინი დარწმუნებულები არიან, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ნომრის ქვეშ გაერთიანების მოტივი მხოლოდ პარლამენტის მანდატების გარანტირებულად მოპოვებაა.

გიორგი ვაშაძის ყოფილ პარტიაში დაბრუნება "ქართული ოცნების" აზრითაც, "სტრატეგია აღმაშენებლის" სტრატეგიაა საარჩევნო ბარიერის გადასალახად. სახელისუფლებო გუნდი დარწმუნებულია, რომ ერთობის ყველა მცდელობა ოპოზიციისთვის წარუმატებელი იქნება.

"ნაციონალურ მოძრაობასთან" თანამშრომლობას არც "ლელო" აპირებს თუმცა, ერთობის იდეას პარტია ემხრობა. "ლელო", "ნაციონალური მოძრაობის" გარეშე საკუთარი ალტერნატიული ცენტრის ჩამოყალიბებას გეგმავს. მამუკა ხაზარაძის პარტიას კონსულტაციები უკვე დაწყებული აქვს, თუმცა ვისთან, უცნობია. არჩევნებამდე ერთობის იდეა თეონა აქუბარდიასაც მოსწონს, თუმცა, "ნაციონალურ მოძრაობასთან" თანამშრომლობას ისიც გამორიცხავს.

ოპოზიციის ერთობის მცდელობა არასერიოზულია სახელისუფლებო გუნდისთვის, სადაც ფიქრობენ, რომ ახალ პლატფორმებს არანაირი პერსპექტივა არ აქვს. საპარლამენტო უმრავლესობა ოპოზიციის "ნაციონალურ მოძრაობასთან" თანამშრომლობას მხოლოდ ერთი - არჩევნებში ბარიერის გადალახვის მოტივით ხსნის.

"ნაციონალური მოძრაობისა" და "სტრატეგია აღმაშენებლის" ერთობლივი პლატფორმა ოფიციალურად, სავარაუდოდ კვირის ბოლოს დაფუძნდება.

დღის ამბები