26 ნოემბერი 2024,   08:18
ვრცლად
FARA-ს დოკუმენტები - ექსპრეზიდენტის ოჯახის მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიის გამოაშკარავებული მიზნები

ევროპარლამენტისთვის შეთავაზებული რეზოლუციის პროექტების მომზადება, კომუნიკაცია ევროპარლამენტის წამების პრევენციის კომიტეტთან, სააკაშვილის საქმის მაგნიტსკის სიაში შეტანა, ამერიკელი სენატორების დარწმუნების სტრატეგია საქართველოს რესპუბლიკის წინააღმდეგ სანქციების გატარებაში და ნიუ-იორკში ვიზიტის დროს საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის მოწყობის მცდელობა სააკაშვილის შეწყალების მოთხოვნით - ეს კომპანია აკერმანის საქმიანობის მთავარი მიზნებია, რომელიც შტატების იუსტიციის დეპარტამენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

ირკვევა, რომ კომპანია, რომელსაც ექსპრეზიდენტის ოჯახი სოლიდური თანხის სანაცვლოდ ქირაობს, აქტიურად ავრცელებდა მათთვის სასარგებლო ინფორმაციას ევროპულ და ამერიკულ მედიაშიც. ყოფილი პრეზიდენტის ლობისტებზე დახარჯულ მილიონებს, ქვეყნის წინააღმდეგ გადახდილ თანხას უწოდებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, 28 გვერდიანმა ანგარიშმა დაადასტურა, რომ მიხეილ სააკაშვილის ოჯახი და პარტია საქართველოს ინტერესების მტრობით არის დაკავებული.

ერთი პერსონის თავისუფლების სანაცვლოდ ქვეყნის დასანქცირების მოთხოვნაში, პრობლემას, სააკაშვილის ოჯახსა და პარტიაში ვერ ხედავენ. ყოფილი პრეზიდენტის დედა ამბობს, რომ აკერმანის საქმიანობაზე, რომელსაც ასიათასობით დოლარს უხდის, დეტალური ინფორმაცია არ აქვს.

ლობისტების უშუალო ჩართულობის მტკიცებულების მიუხედავად, ევროპარლამენტის რეზოლუციას კვლავ დასავლეთის პოზიციად აღიქვამს "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე. ლევან ხაბეიშვილმა კომპანია აკერმანის საქმიანობის დეტალურ შეფასებას დღეს თავი აარიდა.

სააკაშვილის ოჯახის ლობისტების საქმიანობას მორიგ ლუსტრაციას უწოდებენ აღმასრულებელ ხელისუფლებაში. მინისტრების თქმით, ფარაზე გამოქვეყნებულმა დოკუმენტმა დაადასტურა, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციებისა და დასავლურ მედიაში გავრცელებული მასალების მიღმა, პარტნიორების პოზიციის ნაცვლად ფინანსური ინტერესები იდგა. ხელისუფლებაში ამბობენ, რომ "ნაციონალური მოძრაობა" და ექსპრეზიდენტის მხარდამჭერები ქვეყნის ევროინტეგრაციის შეფერხებას ყველა მეთოდით ცდილობენ.

მიხეილ სააკაშვილის ლობისტების საქმიანობა დღეს არც სხვა ოპოზიციურ პარტიებში მოიწონეს. პოლიტიკოსების აზრით, კომპანია "აკერმანის" მიზნები ანტისახელმწიფოებრივია და ქვეყანაში პოლიტიკური ვითარების მიზანმიმართულ დაზიანებას ემსახურება.

"ფარას" კანონის საფუძველზე გამოაშკარავებულმა მასალებმა, დღეს მმართველი გუნდის ერთ-ერთ ლიდერს მარტის მოვლენები და ოპოზიციის მხრიდან რუსულ კანონად მონათლული ამერიკული კანონი გაახსენა. მამუკა მდინარაძის თქმით, დოკუმენტმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ქვეყნის წინააღმდეგ ნეგატიური კამპანია აქტიურად მიმდინარეობს, რაც შიდა პოლიტიკური აქტორებისგან ღალატს, საერთაშორისო მოთამაშეების ნაწილისგან კი მეორე ფრონტის იდეის ერთგულებას ადასტურებს.

სააკაშვილის ადვოკატების მხრიდან ამერიკაში შეხვედრის მოთხოვნა დღეს "კურიერს" პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან დაუდასტურეს, თუმცა განმარტეს, რომ სალომე ზურაბიშვილთან აუდიენცია არ შემდგარა. ლობისტების მიმართვაზე საუბარი არ ისურვეს შეერთებული შტატების საელჩოში. თქვეს, რომ წარმომადგენლობა დაინტერესებულია, პატიმარ სააკაშვილის ყველა უფლება იყოს დაცული. 28 გვერდიანი დოკუმენტი შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის ვებ-გვერდზე ივნისის ბოლოს აიტვირთა.

დღის ამბები